ბელგიის სპა ფრანკორშანი TCR-ის საერთაშორისო სერიის მესამე ეტაპს მასპინძლობს, რომელიც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის – სპას 6 საათის თანმდევი რბოლაა და ამიტომ, განსხვავებული ფორმატით ტარდება. ხუთშაბათს თავისუფალი პრაქტიკები ჩატარდა, პარასკევს კი ორივე კვალიფიკაცია და პირველი რბოლა. მეორე რბოლა კი შაბათს, ჩვენი დროით 3-ის ნახევარზე გაიმართება.

დათა ქაჯაიასა და მის გუნდ „ენგსტლერ მოტორსპორტისთვის“ ბელგიური ეტაპიც, პორტუგალიურის მსგავსად, პრობლემებით დაიწყო. პირველ პრაქტიკაზე მანქანის მოთვინიერება შეუძებელი იყო, რაც დათას მოსახვევების უშეცდომოდ გავლაში ხელს უშლიდა. ამის გამო, მან ლეგენდარული ო რუჟის მოსახვევში დაუშვა შეცდომა, მაგრამ ბედად, აღმართშივე დაიმორჩილა საჭე და ინციდენტს გადაურჩა.

როგორც გაირკვა, ავტომობილი არ იყო კარგად მომართული, მაგრამ გუნდმა მეორე პრაქტიკისთვის ყველაფერი გამოასწორა. პირველი ორი წრის შემდეგ, დათას საბურავები შეუცვალეს და როცა ვარჯიშის გაგრძელება სცადა, გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან…

მართალია, კოლოფის გამოცვლა მოეწსრო, მაგრამ კვალიფიკაციაზე „ფოლკსვაგენ გოლფმა“ ისევ ვერ გაუწია ჩვენებურს სათანადო სამსახური, რაც მისთვის შეუფერებელი, მე-13 ადგილით დასრულდა. სხვათა შორის, დათაზე უარესი დრო აჩვენა წინა ორი რბოლის იტალიელმა გამარჯვებულმა ჯანი მორბიდელიმ, რომელიც სწორედ იმ ორი გამარჯვების გამო, სპაზე 30 კილოგრამით დამძიმებული მანქანით გამოვიდა.

ცნობისათვის, მანქანის სრულყოფის მიზნით, სპას ეტაპი „სუბარუს“ და „ალფა რომეოს“ ავტომობილებით მოასპარეზე გუნდებმა გამოტოვეს. ისინი შემდგომ ეტაპზე აპირებენ დაბრუნებას, რომელიც იტალიის იმოლაზე გაიმართება. სამაგიეროდ, პელოტონს ორი „პეჟო 308“ (გუნდ – სებასტიან ლოებ რეისინგი) და „ლეოპარდ რეისინგის“ მესამე მანქანა დაემატა. პირველი კვალიფიკაცია პეპე ორიოლამ მოიგო, რომელმაც 0.2 წამზე ოდნავ მეტით აჯობა დუშან ბორკოვიჩს. მეორე კვალიფიკაციაზე კი სერბმა დაახლოებით იმავე სხვაობით აჯობა ესპანელს.

რბოლის დაწყებამდე, მანქანა დაუზიანდა სერიის მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის, რომელმაც სტარტზე დადგომაც ვეღარ შეძლო. ამასთან, რბოლის ორგანიზატორებმა სტარტი რამდენიმე წუთით გადადეს. სტარტზე აკუ პელინენი დაწინაურდა, რომელმაც ფინიშამდე უპრობლემოდ შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

სტარტის ნიშანზე ძლივს დაიძრა მერვე პოზიციაზე მყოფი სერგეი აფანასიევი (სეატ ლეონი), რომელიც უმალ პელოტონის კუდში აღმოჩნდა. სტარტი ასევე ჩააგდო „ლეოპარდის“ მესამე პილოტმა, ფინელმა ანტი ბურიმ. ორიოლამ (სეატი) ბორკოვიჩს (სეატი) სტარტზევე გაასწრო, ატილა ტასიმ (სეატი) კი ერთბაშად ოთხი პოზიცია დაკარგა. ქაჯაიამ კი სტარტზევე სამი ადგილით (კომინის გაუთვალისწინებლად) წინ წაიწია. მე-7 წრეზე, ქაჯაიას წინ მყოფმა ფრანგმა ჟან-კარლ ვერნიმ (ფოლკსვაგენი) გასწრებისას უკნიდან უბიძგა ბრიტანელ ჯეიმს ნეშს (სეატი), რომელიც მაშინვე დატრიალდა და მას ქართველმა გაასწრო. მალევე სტიუარდებმა მომხდარში ვერნის ბრალი დააფიქსირეს და ის პიტლეინზე უქმედ გავლით დააჯარიმეს.

საბოლოოდ, ქაჯაიამ მე-7 ადგილი დაიკავა, რაც კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის სარბოლო უქმეები ძალიან ცუდად დაიწყო. და თუ პირველი რბოლის შედეგებს გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ქართველი პილოტი გამარჯვებულს 10 წამზე ნაკლებით ჩამორჩა. ეს კი, მათი სასტარტო პოზიციების გათვალისწინებით იმას ნიშნავს, რომ მათ თითქმის ერთნაირი ტემპი ჰქონდათ!

დათას მეორე რბოლის დაწყებაც მე-14 პოზიციიდან მოუწევს, რაც ქულებისთვის ბრძოლას გაურთულებს – პირველმა რბოლამ გვიჩვენა, რომ სპაზე TCR-ის მანქანებისთვის გასწრება შედარებით რთულია. მაგრამ დღევანდელმა რბოლამ იმედი ჩაგვისახა, რომ იმოლას ეტაპისთვის, „ენგსტლერ მოტორსპორტი“ დათას კვალიფიკაციისთვისაც კარგად მოუმზადებს მანქანას. ამ შემთხვევაში, ჩვენი პილოტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა შეუძლია.

TCR-ის საერთაშორისო სერია. მე-3 ეტაპი

სპა ფრანკორშანი. 9 წრე

  1. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 23:19.800
  2. პეპე ორიოლა (ესპანთი, სეატი) +0.376
  3. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, შეატი) +1.294
  4. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) +5.476
  5. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) +6.724
  6. კევინ გლისონ (აშშ, ჰონდა) +7.208
  7. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) +9.669
  8. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) +16.593
  9. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) +17.076
  10. ანტი ბური (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +17.734
  11. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) +21.975
  12. გრეგორი გილვერი (საფრანგეთი, პეჟო) +22.707
  13. ჯიმი კლერე (საფრანგეთი, პეჟო) +25.880
  14. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +34.596
  15. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) +44.782
  16. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 1 წრე

უსწრაფესი წრე: ჟან-კარლ ვერნი – 2:33.702, მე-3 წრე