TCR-ის საერთაშორისო სერიის ტექნიკურმა დეპარტამენტმა, ეგრეთ წოდებულ „ბალანს ოფ პერფორმენსს“ გადახედა, რაც არის სერიაში მონაწილე ავტომობილების შესაძლებლობების ბალასტების სისტემით გათანაბრების მეთოდი. სეზონის დაწყებამდე, ვალენსიას ტესტებისას, ერთმა პილოტმა – ნიკოლა ლარინიმ ჩემპიონატში მონაწილე ყველა ავტომობილს ჩაუტარა ტესტები და მისი შეფასების შესაბამისად, საუკეთესო ავტომობილები ბალასტებით დატვირთეს.

მაშინ საუკეთესოთა შორის, „ფოლკსვაგენ გოლფიც“ მოხვდა, რომელიც მაქსიმალური ბალასტით – 40 კილოგრამით დაიტვირთა. მაგრამ ბაჰრეინის რბოლებმა აჩვენა, რომ გერმანული კომპანიის სარბოლო ავტომობილი, კონკურენციას ვერ უწევს ესპანელ ნათესავ „სეატ ლეონს“ და იაპონურ „ჰონდა სივიკს“.

მეორე ეტაპისთვის, რომელიც პორტუგალიის ეშტორილზე 24 აპრილს გაიმართება, „გოლფს“, რომლითაც დათა ქაჯაია ასპარეზობს, 30 კილოგრამი ბალასტი მოაკლდება. მისი წონა 1285 კილოგრამი იქნება (პილოტთან ერთად), რაც TCR-ის ტექნიკური რეგლამენტით დაშვებული სტანდარტული მინიმუმია. 40-კილოგრამიანი ბალასტით ასპარეზობა მოუწევთ „სეატის“ და „ჰონდას“ პილოტებს. მათი მანქანების წონა 1325 კილოგრამი იქნება.

„ოპელ ასტრას“, „ალფა რომეო ჯულიეტას“ და „სუბარუ Sti-ს“ 20-20 კილოგრამს მოაკლებენ და რბოლებისას მათი წონა პილოტიანად 1265 კილოგრამი იქნება. უცვლელი დარჩება უფრო დაბალი კლასის „სეატ ლეონ კაპის“ წონა – 1250 კილოგრამი. პორტუგალიაში სერიის მონაწილეთა შორის, „პეჟო 308 რეისინგ კაპი“ გამოჩნდება, რომელიც უბალასტოდ იასპარეზებს.

ეს წონები ძალაში ამ კვირიდან შევა, როცა გერმანიის ოშერსლებენზე, TCR გერმანიის რბოლები ჩატარდება.

ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა „ფოლკსვაგენი“ ეშტორილის რბოლებისთვის, სარბოლო „გოლფის“ მუხრუჭების პრობლემის გამოსწორებას. რაც შეეხება აეროდინამიკას, უკვე ცნობილია, რომ მის დახვეწას რამდენიმე თვე დასჭირდება.