ბრიტანული კომპანია „კან დიზაინი“ ტუნინგზეა სპეციალიზებული და განსაკუთრებით „ლენდ როვერის“ ავტომობილებზე მუშაობს. მას შექმნილი აქვს ლეგენდარული „დიფენდერის“ მისეული ვერსიების მთელი ოჯახი, რომელიც „ფლაინგ ჰანტსმანის“ სახელითაა ცნობილი. ახლახანს კი ამავე სახელის მქონე კიდევ ერთი ავტომობილი შექმნა, სახელად „ფლაინგ ჰანტსმან 105“.

ეს არის პიკაპის კლასის ორკარიანი ავტომობილი, რომლის პრემიერაც დონინგტონ პარკზე, „დიდი ბრიტანეთის ლენდ როვერის“ შოუზე გაიმართა. ავტომობილი ძალიან უცნაური პროფილით გამოირჩევა. ყურადღებას იმსახურებს უჩვეულოდ გრძელი კაპოტი და მოკლე სალონი. ამასთან, ავტომობილს მკაცრი, საკმაოდ უხეში ფორმებიც აქვს, რაც მის უგზობის თვისებებს უსვამს ხაზს.

„ფლაინგ ჰანტსმან 105-ის“ ბაზისად „კანის“ სპეციალისტებმა „დიფენდერ 90“ გამოიყენეს. მისი ბორბლების ბაზა 375 მილიმეტრით დაგრძელდა. ამასთან, ავტომობილი 90 მილიმეტრით გააგანიერეს. ახალია ბორბლების თაღები, ფარები, ბამპერები, რადიატორის ცხაური, კაპოტი და 18-დუიმიანი ბორბლები. ასევე რადიკალურად შეიცვალა ინტერიერი, რომელსაც სატუნინგო კომპანია მყიდველის სურვილების შესაბამისად გაფორმდება.

რაც შეეხება ძრავს, „ფლაინგ ჰანტსმანის“ ოჯახის ავტომობილებზე, „კანს“ „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების 6.2-ლიტრიანი V8 ძრავი აქვს გამოყენებული, მაგრამ პიკაპზე რატომღაც ისევ „დიფენდერის“ 2.2-ლიტრიანი დიზელი დატოვა, რომელთანაც წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს. ამასთან, ტრანსმისია ისევ სრულ ამძრავიანია.

გრძელცხვირიანი პიკაპი „ფლაინგ ჰანტსმან 105“ 58 875 გირვანქა სტერლინგი ღირს.