კომპანია Jeep-ი მალე სრულიად ახალ Wrangler-ს გაგვაცნობს. ეს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე მოხდება. და ყველასთვის მოულოდნელად, ახალი ავტომობილის პირველი ფოტოები პირველად პრემიერამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ლას ვეგასის სპეციალური საავტომობილო ეკიპირების შოუზე (SEMA) წარადგინა.

თუმცა აზარტული თამაშების მსოფლიო ცენტრში გამართულ პოპულარულ გამოფენაზე, უფრო საინტერესო ის იყო, რომ ტუნინგზე სპეციალიზებულმა კომპანიებმა, სხვადასხვა თაობის Wrangler-ის მრავალი ვერსიაც წარადგინეს. ისინი ალბათ ყველანაირი გემოვნების ავტო მოყვარულებს დააინტერესებენ.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, Hauk Designs-ის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ავიაციის თემაზე შესრულებული Tomahauk-ია, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მოგაგონებთ მოიერიშე „მუსტანგებს“. კარზე ამერიკული საჰაერო ძალების ემბლემაა გამოსახული, კაპოტს კი Gatling-ის ორი 6-ლულიანი ტყვიამფრქვევი ამშვენებს, როგორებითაც ამერიკელი მფრინავები მოწინააღმდეგეებს თავზარს სცემდნენ. ოღონდ, ტყვიამფრქვევები ნამდვილი არაა – ისინი ორ ზორბა ტურბო კომპრესორს უკავშირდბა, რომლებიც კაპოტქვეშა სივრცეში ვერ ჩაეტია და ამიტომ თავები აქვს ამოყოფილი.

კაპოტის ორივე გვერდზე გამოტანილი ფსევდო გამოსაბოლქვი მილებიც სამხედრო ავიციის მოტივზეა. იგივე ითქმის ძარის ელემენტებზე, რომლებიც მოქლონებით დაამშვენეს. ავტომობილის შიგნითაც ყველაფერი მაქსიმალურად მიახლოებულია სამხედრო თვითმფრინავებთან. მაგალითად, სავარძლები.