უგზობის ავტომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Jeep-მა ყოველწლიურ ფესტივალ „ესტერ ჯიპ საფარისთვის“, ერთბაშად შვიდი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. ფესტივალი 50-ედ იმართება და ის Jeep-ის დაარსებიდან 75-ე წლის იუბილეს ემთხვევა. ფესტივალს უგზობს კლუბი „რედ როკ 4-უილერსი“ აწყობს და ის შტატ იუტას ქალაქ მოაბში ტარდება.

Jeep® Trailcat Concept

Trailcat

კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის, გარეგნულადაც და აგებულებითაც, ყველაზე გამორჩეულია Trailcat-ი, რომელიც Wrangler-ის ბაზაზეა შემუშავებული და აღჭურვილია სერია ჰელქეტის 6.2-ლიტრიანი ძრავით (707 ცხ.ძ), რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ინჟინრებმა Wrangler-ის ბორბლების ბაზა 30 სანტიმეტრით დააგრძელეს, საქარე შუშა კი 5 სანტიმეტრით დაადაბლეს. შავთან შეხამებული ფოსფორისფერი და ზორბა ბორბლები, ავტომობილს ძალიან შთამბეჭდავ შესახედაობას ანიჭებს.

Crew Chief 715

ეს ავტომობილი, ძველ სამხედრო Jeep-ს, კონკრეტულად კი Kaiser M715-ს ჰგავს. ის Wrangler Unlimited-ზეა ბაზირებული. ფოლადის ბამპერები და 20-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც 40-დუიმიანი NDT სამხედრო საბურავებით არის შემოსილი, ამ ავტომობილის Jeep-ის ძველ სამხედრო მოდელებთან ნათესაობას გვახსენებს. Crew Chief 715-ს მამოძრავებელ ძალას სერია პენტასტარის 3.6-ლიტრიანი V6 ძრავი ანიჭებს, რომელთანაც წყვილში 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.

Shortcut

ეს Wrangler-ის ბაზაზე შემუშავებული კიდევ ერთი კონცეპტია. ის კლასიკურ CJ-5-ს გაგახსენებთ. Shortcut-ს დამოკლებული ბაზა, რადიატორის უნიკალური ცხაური და კაპოტი, წინა და უკანა ბორბლების თაღები, ასევე ქრომირებული ბამპერები აქვს. ავტომობილი წითელია და ამავე ფერის 17-დუიმიან ფოლადის ბორბლებზე დგას, რომლებიც BF Goodrich-ის 35-დუიმიანი საბურავებით არის შემოსილი.

Trailstorm

ეს ნამდვილი მკვლევარია, რომელსაც ნებისმიერ უგზოობაში შეუძლია გავლა. Trailstorm-ი Mopar Performance Parts-ის ნაწილებით არის ეკიპირებული. მათ შორისაა კონცეპტუალური 17-დუიმიანი ბორბლები, 37-დუიმიანი საბურავებით, Mopar Performance Parts Rubicon-ის ჯალამბარი, Performance Parts/Fox-ის ამორტიზატორები და Dana 44 წინა და უკანა ღერძები.

Jeep® FC 150 Heritage Vehicle

FC150

ეს კონცეპტი, რეალურად FC150-ის რეინკარნაციაა, რომელიც თავის დროზე, ტიპიური ამერიკული სამუშაო ცხენი იყო. გარეგნულად ის ისეთივეა, როგორიც ათწლეულების წინ იყო. ძარის შიგნით კი 2005 წლის Wrangler-ის შასი იმალება. ის აღჭურვილია Dana 44 წინა ღერძით, Dana 60 უკანა ღერძით და დგას 17-დუიმიან ბორბლებზე, რომლებიც BF Goodrich-ის 33-დუიმიანი საბურავებით არის შემოსილი.

Comanche

ასეთ კომპაქტურ პიკაპზე ამერიკაში ბევრი არ იტყოდა უარს. ის Jeep-ის ოჯახის ახალი წევრის, უგზობის კომპაქტურ მოდელ Renegade-ს ბაზაზეა შექმნილი. Comanche აღჭურვილია დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავით, რომელთანაც 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული.

jeep-easter-safari-2016-concets-11

Renegade Commander

ეს კონცეპტი ყველაზე ნაკლებად ექსტრემალურია. ძარა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ავტომობილის საკიდარი 5 სანტიმეტრით არის ამაღლებული, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ ის Rubicon-ის 17-დუიმიან ბორბლებზე დაეყენებინათ. ისინი ალუმინისგან არის დამზადებული და შემოსილია BF Goodrich-ის 30-დუიმიანი საბურავებით.