როცა ახალდაარსებული კომპანია, სუპერ ავტომობილის წარმოებით იწყებს მუშაობას, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგრამ ამის მიუხედავად, იაპონურმა კომპანიამ, სახელად Aspark, სწორედ ეს გზა აირჩია. უფრო მეტიც, ის წარმოებისთვის ელექტრულ სუპერ ავტომობილს ამზადებს.

ავტომობილს სახელად Owl (ბუ) შეურჩიეს. კომპანია მასზე 2014 წლიდან მუშაობს და როგორც გვპირდება, პირველ პროტოტიპს ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება. Aspark-ი ირწმუნება, რომ Owl-ს მსოფლიოში საუკეთესო აჩქარება ექნება. უფრო კონკრეტულად, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, სულ რაღაც, 2 წამი ეყოფა.

Aspark-ი თავისი სუპერ ავტომობილის ელექტრული ძალური დანადგარის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. წინასწარი ვარაუდით, „ბუ“ ოთხი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაზე მეტი უნდა იყოს. ასეთი მახასიათებლების შემთხვევაში, ავტომობილს სპეციალური საბურავები დასჭირდება.

კომპანიამ Owl-ის კომპიუტერული ესკიზები გაავრცელა, რომლებზეც ჩანს, რომ მისი ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. მზიდი სტრუქტურა არც ისე თანამედროვეა – ფოლადის მილებისგან შეკრული კარკასი, თავისი სიმტკიცით და სიხისტით, კარბონის მონოკოკურ არქიტექტურასთან ვერ მივა. ავტომობილი ძალიან დაბალი პროფილით გამოირჩევა, აქვს თოლიას ფრთის ტიპის ორი კარი და დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა.

დანარჩენს ფრანკფურტის მოტორ შოუს დღეებში შევიტყობთ.