იაგუარმა საბურველი ჩამოხსნა თავის უახლეს ავტომობილს, საშუალო ზომის სედან XE-ს, რომელსაც კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პირველი ნაბიჯია. ამ ავტომობილით, ბრიტანული კომპანია კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიას გაუწევს. „იაგუარ XE“ პირველად ბრიტანულ შოურუმებში, მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება, სადაც მისი საბაზო ფასი 27 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

ახალი ავტომობილი ბევრი ტექნოლოგიური სიახლით გამოირჩევა. ის უახლეს, ალუმინისგან დამზადებულ მოდულურ პლატფორმაზეა აგებული, აღიჭურვება უახლესი, სერია ინჯენიუმის ძალიან ეფექტური ძრავებით და ელექტრონული სისტემებით, რომელთა წყალობითაც, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. „ბეემვეს“ მე-3 სერიის გარდა, პრემიუმ სეგმენტში მისი კონკურენტები „მერსედეს-ბენცის“ C-კლასი და „აუდის“A4 იქნება.

„იაგუარ XE“ არის ოთხკარიანი, უკანა ამძრავიანი ალუმინისგან დამზადებული საშუალო ზომის (კომპაქტური სააღმასრულებლო) სედანი, რომელიც კომპანიის გამაში, საკმაოდ წარუმატებელი X-ტაიპის ადგილს დაიკავებს. ის ბავარიელთა მესამე სერიის სედანზე ოდნავ დიდი და „აუდი A4-ზე“ ოდნავ პატარაა. XE მალე „იაგუარის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება. მას სოლიჰალის ქარხანა გამოუშვებს და როგორც კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, წარმოების პირველ წელს (2015) 100 000 ცალი XE-ს გაყიდვას შეძლებენ.
„იაგუარის“ დიზაინის შეფი იან კალუმი ამბობს, რომ XE-ს სტილი, კომპანიის მომავალი სპორტული სედანების გარეგნობის განმსაზღვრელი გახდება. ის ამბობს, რომ ავტომობილის პროექტირების დასაწყისშივე, ინჟინრებმა მძღოლის პოზიციის დაბლა დაწევა დაისახეს მიზნად. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს კუპეს სტილის სახურავი, სალონი მაქსიმალურად უკან დასწიეს, რისი წყალობითაც, კაპოტი დაგრძელდა. ამის მიუხედავად, სალონში საკმარისი სივრცეა მასში კომფორტულად მოთავსებისთვის.

XE-ს გარეგნბისთვის დამახასიათებელია ამობორცვილი კაპოტი, ზორბა რადიატორი, მის ცენტრში მოთავსებული კომპანიის ემბლებით, ვიწრო მთავარი ფარები, მათზე ქვედა მხრიდან „შემოვლებული“ დღის ფარებით (შუქდიოდური), მათ ქვეშ მოთავსებული ორი ჰაერის ამღები, რთული ფორმის ბამპერი. სახურავს მშვილდის ფორმა აქვს, უკნისკენ დაბლდება და მსხვილ საყრდენში გადადის. რაც მთავარია, კომპანიის დიზაინერები ამაყობენ იმით, რომ მათ მიერ შემუშავებული სტილი, ინჟინრული და აეროდინამიკური თვალსაზრისითაც, მაქსიმალურადაა ოპტიმიზებული. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ XE-ს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.26-ია.

ბრიტანულ კომპანიას ჯერ თავისი ახალი ავტომობილის ყველა ღირსება არ გამოუქვეყნებია – მათ პარიზის მოტორ შოუს პრეზენტაციისთვის ინახავს. თუმცა ამაყად აცხადებს, რომ XE-ს მონოკოკურ სტრუქტურაში მეტწილად გადამუშავებულ ალუმინს იყენებს. როგორც „იაგუარი“ ამბობს, XE თავის კონკურენტებზე დაახლოებით 200 კილოგრამით მსუბუქია! სედან XE-ს გაბარიტებია: სიგრძე 4672 მილიმეტრი, სიგანე 1850 მილიმეტრი, სიმაღლე 1416 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2835 მილიმეტრია. ამგვარად, ის „ბეემვეს“ მე-3 სერიის სედანზე 48 მილიმეტრით გრძელი, 39 მილიმეტრით განიერი და 13 მილიმეტრით დაბალია. მისი ბაზაც 35 მილიმეტრით გრძელია.

ახალი სედანი დაკიდების რთულ სისტემას ეყრდნობა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ სვლასაც უზრუნველყოფს და კარგ მანევრულობასაც. იმ დროს, როცა კონკურენტები წინა საკიდარში მაკფერსონის ტიპის ეფექტურ და შედარებით იაფ სისტემებს იყენებენ, „იაგუარმა“ არჩევანი წყვილ განივ ბერკეტებზე შეაჩერა. ასეთი სისტემა ბორბლის უკეთეს კონტროლს უზრუნველყოფს, მაგრამ შედარებით ძვირია.

უკანა საკიდარი კი სუბ-ჩარჩოზეა აწყობილი და არის სრულიად დამოუკიდებელი. მისი სიძვირის გამო, ამ ტიპის საკიდარი უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვისაა შესაფერისი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბორბალსა და შასის შორის ძალიან ეფექტურ კავშირს უზრუნველყოფს. დაურესორებელი წონის შესამცირებლად და სვლის კომფორტის გასაუმჯობესებლად, საკიდარის ძირითადი კომპონენტები ალუმინისგან დამზადდა.

რაც შეეხება მუხრუჭებს, ძრავის სიმძლავრის შესაბამისად, მათი დისკოების დიამეტრიც განსხვავებულია. ამასთან, ყველა მთგანს თითო ცილინდრის მქონე სისტემა ემსახურება. XE „იაგუარის“ ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც საჭის ელექტრული გამაძლიერებელი აქვს. პროექტის მთავარ ინჟინერ მაიკ ქროსის თქმით, ეს სისტემა „წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია“.

XE აღჭურვილია სისტემა ASPC-ით (ოლ სარფეის პროგრეს კონტროლ), რომელიც ნათესავი „ლენდ როვერის“ „ტერეინ რესპონსის“ ტიპის სისტემაა. მას აქვს მუშაობის ოთხი რეჟიმი: დაინემიკი, ნორმალი, ეკო და ვინტერი. ზამთრის რეჟიმის ჩართვისას, როცა ავტომობილის სიჩქარე 5-დან 30 კმ/სთ-მდეა, სისტემა მოყინულ აღმართზეც კი სტაბილურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ დროს ის აკონტროლებს როგორც აქსელერატორს, ასევე მუხრუჭებს და მოყინულ გზაზე ისეთ იდეალურ მართვას უზრუნველყოფს, როგორიც „იაგუარის“ განმარტებით, საუკეთესო მძღოლებსაც კი ვერ ხელეწიფებათ.

XE-ს ძრავების გამაში სულ ხუთი აგრეგატი შევა, თუმცა ამ ეტაპზე „იაგუარი“ მხოლოდ ორს გვაცნობს. მათგან პირველია 3.0-ლიტრიანი V6, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. მეორე ძრავი კი სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელია. ამ ძრავის დებიუტი სწორედ XE-სთან ერთად შედგება, მალე კი მისით „ლენდ როვერის“ ავტომობილებიც აღიჭურვება.

V6 ძრავის სიმძლავრე 335 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 450 ნიუტონმეტრი. მისი დახმარებით სედანს ადგილიდან ასის აკრეფა 4.9 წამში შეუძლია. რაც შეეხება ტურბო დიზელს, მისი მაქსიმალური სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 380 ნიუტონმეტრი. ის საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის ძალიან დაბალი შემცველობით (კილომეტრზე 99 გრამი) გამოირჩევა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც „იაგუარი“ ამბობს, ამ ძრავის მომსახურების ინტერვალი 32 000 კილომეტრია.

ძრავებთან დასაკავშირებლად ორი გადაცემათა კოლოფია განკუთვნილი. ერთია 6-საფეხურიანი მექანიკური, მეორე კი ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ მომავალში სედანი 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფითაც აღიჭურვოს, რომელსაც „ლენდ როვერი“ უკვე იყენებს თავის „რეინჯ როვერ ევოუკზე“.

სალონის შემუშავებისას, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, სპორტული სტილი იყო. ცენტრალური კონსოლის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია უახლესი ინფოტაინმენტ სისტემის (სახელად ინკონტროლ) 8-დუიმიანი სენსორული მრავალფუნქციური ეკრანი, რომელიც ინტუიციური გრაფიკიტა და მითითებათა სწრაფი შესრულებით გამოირჩევა. ეკიპირებაში ასევე შევიდა ბლუთუთ კავშირის საშუალება, ნავიგაცია, USB-პორტი. ამასთან, სახურავის ანტენის დახმარებით, ავტომობილის სალონი უკაბელო ინტერნეტის ზონად გადაიქცევა.