„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა, „ფაინენშლ ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ელექტრომობილების წარმოებას აპირებს და ამისათვის, თავის ბრიტანულ ქარხნებს გამოიყენებს. ამის შედეგად, მის საწარმოებში დამატებით 10 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, „იაგუარ ლენდ როვერის“ მიმწოდებელ კომპანიებსაც, დამატებით 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა მოუწევთ, რათა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ.

გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია, რომელიც ინდური „ტარა მოტორსის“ მფლობელობაშია, წლიური გაყიდვების (და შესაბამისად წარმოების) მილიონ ავტოFმობილამდე გაზრდას აპირებს. თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, ვიდრე ელექტრომობილების წარმოების დაწყება და მსოფლიო ბაზრის, მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ელექტრომობილების წარმოების გეგმის შესასრულებლად, „იაგუარ ლენდ როვერს“ ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა ესაჭიროება, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს. გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია დაახლოებით 600 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის კერძო ინვესტიციის მოზიდვას იმედოვნებს, რაც ოპერაციების ექსპანსიაში დაეხმარება.

ეს ყველაფერი მოსალოდნელი ბრექსიტის ფონზე ხდება, როცა სხვა ავტო მწარმოებლები ბრიტანეთიდან წარმოების გატანაზე ფიქრობენ, რადგან ევროკავშირში საბაჟოს გარეშე ავტომობილების შეტანის საშუალება აღარ ექნებათ, რაც მათს ხარჯებს გაზრდის და მოგების მარჟას შეამცირებს.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კონცეპტუალური „I-პეისის“ (ფოტოზე) სერიულ ვერსიას, „იაგუარი“ ბრიტანეთში კი არა, ავსტრიაში, კომპანია „მაგნა შტეირის“ გრაცის საწარმოში გამოუშვებს, რაზეც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ეტაპზე, კომპანიას საკუთარი თავისუფალი საწარმო სიმძლავრე არ გააჩნია. ამისათვის ახალი ქარხანა აშენდება, სადაც „იაგუარიც“ და „ლენდ როვერიც“ თავიანთ ახალ მოდელებს (მათ შორის ელექტრულს) გამოუშვებენ.