Ferrari-მ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთ ეგზემპლარ LaFerrari-ს გამოუშვებს, რომლის აუქციონზე გაყიდვით მიღებულ თანხასაც, 24 აგვისტოს მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად გამოიყენებს. ეს ინფორმაცია, მარანელოში გამოსვლისას გაავრცელა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ.

როგორც ცნობილია, Ferrari-მ მხოლოდ 499 ცალი ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი გამოუშვა. დამატებითი ეგზემპლარი მე-500 იქნება და ამაზე მეტს, LaFerrari-ს დახურული ძარით აღარ გამოუშვებენ. ეს ავტომობილი კი აუქციონზე გაიყიდება.

Ferrari-LaFerrari-4

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა მარანელოელები თავიანთი ფლაგმანი ავტომობილის დამატებით ეგზემპლარს უშვებენ. თავის დროზე, კომპანიამ მე-400 Enzo რომის პაპ იოანე პავლე მეორისთვის დაამზადა. მოგვიანებით, ის ავტომობილი აუქციონზე გაიყიდა და მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. მეოთხასე „ენცო“ ერთ ამერიკელ კოლექციონერს შეუძენია, რომელმაც შემდგომში ის 6.05 მილიონ დოლარად გაყიდა. ამგვარად, Enzo-ს ეს ეგზემპლარი ყველაზე ძვირადღირებულია.

Ferrari-LaFerrari-5

რაც შეეხება LaFerrari-ს, იტალიური კომპანიის ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამ ავტომობილის არაერთი ეგზემპლარი უკვე მოხვდა მეორად ბაზარზე, სადაც ძალიან ძვირად ფასობს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ერთ-ერთ ეგზემპლარში 5.5 მილიონი დოლარია გადახდილი.

სავარაუდოდ, მე-500 LaFerrari-ც ძალიან ძვირად გაიყიდება. მოხსნის თუ არა Enzo-ს რეკორდს, ამას მალე გავიგებთ.