ოპელის საწარმოო პროგრამაში ფლაგმანი სედანი Insignia 2008 წელს გამოჩნდა და მაშინვე ევროპის 2009 წლის ავტომობილის წოდება დაიმსახურა. მან გააგრძელა 1960-იან და 1970-იან წლებში პოპულარული ფლაგმანების – „კაპიტანის“, „ადმირალის“ და „დიპლომატის“ ტრადიცია და იმავდროულად, გერმანული კომპანია პრემიუმ სეგმენტთან მიაახლოვა. ოპელმა 8 წლის განმავლობაში 900 ათასზე მეტი Insignia გაჰყიდა, რაც ამ ავტომობილის პოპულარობაზე მეტყველებს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ „ოპელის“ სამოქმედო არეალი ძირითადად ევროპით იყო შემოფარგლული.

რიუსელსჰაიმელებმა მეორე თაობის Insignia ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაგვაცნეს. ის უკვე იყიდება დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე და მალე საქართველოშიც შემოვა. და სანამ ეს მოხდება, „ოპელმა“ თავის ახალ ფლაგმანთან გაცნობის საშუალება ქართველ ჟურნალისტებსაც მისცა.

დიზაინი და გაბარიტები

მეორე თაობის Insignia სრული სახელია „ინსიგნია გრანდ სპორტი“ და ის სედანის, ჰეჩბეკის (ფასტბეკის) და უნივერსალის ძარებით გამოდის. ახალი ავტომობილი „მონცა კონცეპტის“ სტილშია შესრულებული და პირველივე შეხედვიდან დადებითად განგაწყობთ. ის დახვეწილი, აეროდინამიკური ფორმებით გამოირჩევა და ნებისმიერი გემოვნების ავტომოყვარულს მოხიბლავს. ახალი Insignia გარეგნულად წინამორბედისგან სრულებით განსხვევდება.

Insignia Grand Sport სტილს განსაზღვრავს რადიატორის ცხაური, მის ორივე კიდეში განლაგებული ვიწრო და წაგრძელებული ფარებით და მის ცენტრში, ორ „ფრთას“ შორის განლაგებული ემბლემით. სახურავს მშვილდის ფორმა აქვს, რომელიც უკანა საყრდენის დახმარებით, რბილად გადადის საბარგულში და ავტომობილს კუპეს სტილის ფორმას სძენს. ახალი Insignia-ს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.26-ია, რითაც საშუალო კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიზაინერებმა ორიგინალურად შეასრულეს ავტომობილის გვერდზე არსებული ამონატვიფრი, რომელიც უკანა კარის ბოლოში თითქოს იკარგება, თუმცა კარის ბოლოში, უკანა საყრდენისკენ გრძელდება და სილუეტს დასრულებულ სახეს ანიჭებს.

მეორე თაობის Insignia სრულებით ახალ არქიტექტურაზეა აგებული და წინამორბედზე 175 კილოგრამით მსუბუქია. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 897 მილიმეტრი, სიგანე 2 093 მილიმეტრი და სიმაღლე 1 455 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 92 მილიმეტრით, 2 829-მდე გაიზარდა. იმავდროულად, შემცირდა წინა და უკანა გადმონაშვერები, ბორბლების კვალი 11 მილიმეტრით გაგანიერდა. ამ ორი ფაქტორის წყალობით, ავტომობილი უფრო მდგრადი გახდა. გარდა ამისა, 29 მილიმეტრით შემცირდა სიმაღლე, თუმცა სალონში ეს არ იგრძნობა – უკანა სავარძლებზე (სადაც ჭერი ყველაზე დაბალია) მჯდარ 185 მილიმეტრის სიმაღლის ადამიანის თავსა და ჭერს შორის თავისუფალი ადგილი საკმარისად რჩება.

ინტერიერი და საბარგული

ბორბლებს შორის ბაზის გაზრდამ, სალონში სივრცის საგრძნობი მომატება გამოიწვია. სალონში კომფორტული სავარძლები გელით, რომლებიც ოდნავ დაბლაა დაწეული. წინა სავარძლები AGR-სერტიფიკატითაა, ანუ ხერხემლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და რაც მთავარია, ჯანმრთელ პოზიციას უზრუნველყოფს. უკანა სავარძლები 40:20:40 სქემით იკეცება, რითაც ისედაც დიდი საბარგულის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვეულებრივ, ინსინია გრანდ სპორტის საბარგულის მოცულობა 490 ლიტრია, უკანა სავარძლების დაკეცვის შემდეგ კი 1 450 ლიტრამდე იზრდება. გარდა ამისა, სალონში პატარა ნივთების და ჟურნალების შესანახად ბევრი ადგილია.

სალონში პანელები რბილი მასალითაა განწყობილი. მაჩვენებლების დაფა ციფრულია, თუმცა ანალოგური მაჩვენებლების სქემა და ფორმები შენარჩუნებულია. ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში მოთავსებულია ინფოტაინმენტ სისტემის ციფრული მრავალფუნქციური სენსორული ეკრანი, რომელიც ბევრი საჭირო ინფორმაციის გაცემასთან ერთად, ნავიგაციის ფუნქცასაც ასრულებს, რაც შორეული, უცნობ ადგილებში მოგზაურობისას შეუცვლელია. რაც მთავარია, მისი ინტერფეისი სიმარტივით გამოირჩევა. ეკრანზე ბევრი ფუნქციის გადატანამ, კონსოლი გაამარტივა, რაც ასევე მოსახერხებელია.

დაკიდევ, მძღოლის და საჭის გასწვრივ, წინა პანელზე განლაგებულია პროექტორი, რომლის დახმარებითაც, საქარე შუშაზე მართვის დროს ყველაზე მეტად საჭირო ინფორმაციის გამოტანა შესაძლებელი (ეგრეთ წოდებული ჰედ-აპ, ანუ თავის წინა დისპლეი). პროექტორი ინფორმაციას უმაღლესი ხარისხის ჩვენებით იძლევა. და მათ ისე კითხულობთ, რომ გზისგან მზერის მოშორება საჭირო არაა. ეს უსაფრთხოებასაც აუმჯობესებს და ნაკლებ დაღლასაც იწვევს.

ძრავები და ტრანსმისია

ახალი „ინსიგნია“ ისეთივე დინამიურია, როგორც გამოიყურება. ამაში მას უახლესი, ძალიან ეფექტური და მძლავრი ძრავები ეხმარება. რუმინეთში ტესტებისას, ჩვენს განკარგულებაში, სამი სხვადასხვა ძრავით აღჭურვილი „ინსიგნია“ იყო. ესენია ბენზინის 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით (165 ცხ.ძ) და მექანიკური 6-საფეხურიანი კოლოფით, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით (260 ცხ.ძ და 400 ნმ), 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით, ასევე 4X4 სისტემით და 2.0-ლიტრიანი დიზელით (170 ცხ.ძ) მექანიკური კოლოფით აღჭურვილი მოდელები.

1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავი ფორსირების ორი განსხვავებული ხარისხითაა. ერთი 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი – 165 ცხენის ძალას. ორივე ძრავის შემთხვევაში, NEDC (ახალი ევროპული მართვის ციკლი) სტანდარტით, ახალი Insignia ქალაქში 100 კილომეტრზე 7.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, კომბინირებული ციკლით კი 5.7 ლიტრი ჰყოფნის. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში 129-130 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

2.0-ლიტრიანი ძრავი უფრო მძლავრი და ხარჯიანია. ის 260 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით აღჭურვილი Insignia ქალაქში 11.2 ლიტრ ბენზინს წვავს, კომბინირებულ რეჟიმში კი 8.6 ლიტრი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროს 197 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავთან წყვილში სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი და სრულ ამძრავიანი სისტემა მუშაობს. პირველი საფეხურების რბილი გადართვებით გამოირჩევა, მეორეს კი მომენტის განაწილების დახვეწილი სისტემა ემსახურება, როგორითაც სეგმენტში სხვა მწარმოებლები ვერ დაიკვეხნიან. ამ სრულ ამძრავიან სისტემაში, უკანა ღერძის დიფერენციალს, ორი მრავალდისკოიანი ქურო ცვლის. ისინი ბორბლების ინდვიდუალურ აჩქარებას და ბრუნვას უზრუნველყოფს. ყველაფერი კი საგზაო პირობებზეა დამოკიდებული.

მესამე ძრავია 2.0-ლიტრიანი დიზელი, რომლის სიმძლავრე 170 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 400 ნიუტონმეტრია. ამ ძრავით და მექანიკური 6-საფეხურიანი კოლოფით, Insignia ქალაქში ასი კილომეტრის გავლა 6.7 ლიტრი საწვავით შეუძლია, შერეული რეჟიმით კი ხარჯი 5.2 ლიტრია. ყოველ კილომეტრზე ატრმოსფეროში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის ოდენობა 136 გრამს აღწევს.

გარდა ამისა, ძრავების გამაში შედის პოპულარული 1.6-ლიტრიანი დიზელი, რომელიც ფორსირების ორი ხარისხითაა. ერთ შემთხვევაში 110 ცხენის ძალას იძლევა, მეორეში – 136-ს. ამ ძრავებით Insignia-ს ქალაქში 4.6-5.1 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, შერეული რეჟიმით მოძრაობისას კი 4.0-4.3 ლიტრს სჯერდება. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 105-114 გრამია.

უსაფრთხოების და დამხმარე სისტემები

ეფექტური ძრავების გარდა, ახალი Insignia ასევე არაერთი დამხმარე და უსაფრთხოების სისტემით არის ეკიპირებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ადაპტირებადი LED მატრიცული ფარები. თითოეულ მათგანში 32 ცალი სეგმენტია, რომლებიც ჯამში შუქის მძლავრ ჭავლს იძლევა, რომელიც 400 მეტრის სიშორეზე ანათებს. მატრიცაში შემავალი LED ელემენტების რიცხვის გაზრდით, განათების სიმკვეთრესთან ერთად, საგზაო სიტუაციის შესაბამისად, მისი მრავალმხრივი რეგულირება გახადა შესაძლებელი.

ფარების მატრიცას, მოხვევის მიმართულებით მძლავრი ჭავლის მიმართვის უნარი აქვს. სიბნლეში მოძრაობისას ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან შუქის კონცენტრირება იმ მხარეს ხდება, რომელიც ჩვეულებრივი ფარებით განთებისას, ჩაბნელებული რჩება ხოლმე. ასეთი ფარები განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ბრაშოვის საკურორტო ზონის დაკლაკნილ, აღმართიან გზებზე მოძრაობისას.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა 360-გრადუსიანი კამერა, რომელიც ოთხი კამერისგან შედგება. ისინი ავტომობილის ოთხივე მხარეს არის განლაგებული და მის ირგვლივ არსებული სივრცის ზევიდან დანახულ მთლიან გამოსახულებას იძლევა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია პარკირებისა და საცობში მოძრაობისას.

ადაპტირებად კრუიზ კონტროლს ავტომტური საგანგებო დამუხრუჭების ფუნქციაც აქვს. ის იყენებს რადარს, რომელიც წინ მიმავალ ავტომობილამდე მანძილს აკონტროლებს და საჭიროებისამებრ არეგულირებს სიჩქარეს. უფრო მეტიც, თუ საჭირო გახდა, მუხრუჭებსაც აამოქმედებს.

ეკიპირებაში ასევე შევიდა ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა, რომელსაც საჭის კორექციის ფუნქციაც გააჩნია. სისტემა კამერებს იყენებს და თუ დააფიქსირა, რომ ავტომობილი ზოლიდან გადის, მაჩვენებლების დაფაზე გაფრთხილებას იძლევა. თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, სისტემა საჭეს ისე მოატრიალებს, რომ ავტომობილმა ზოლი არ დატოვოს.

დაბოლოს, უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა. ის უკანა ბამპერში ინტეგრირებული რადარული სენსორების დახმარებით, თქვენი ავტომობილიდან 20 მეტრის დაშორებით, 90 გრადუსის (გადამკვეთი) მიმართულებით მოძრავ ობიექტებს აფიქსირებს. ის გამოგადგებათ, როცა სადგომიდან უკუსვლით ცდილობთ გამოსვლას და უკან არსებულ სივრცეს სრულად ვერ აკონტროლებთ.

* * *

ახალი Insignia მოძრაობისას ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც გამოიყურება. რეჟიმ ტურის შერჩევისას, ის კომფორტული სვლით მოგხიბლავთ და გაწონასწორებული მართვისკენ გიბიძგებთ, რაც პირველ რიგში, მისი საკიდარის დამსახურებაა, რომელიც ამ რეჟიმში დარბილებულია. რეჟიმ სპორტის შერჩევისას კი ავტომობილი მომენტალურად იცვლება და მზადაა იმისათვის, რომ მოსახვევების სწრაფად გავლაში შეგიწყოთ ხელი.

ბუქარესტის აეროპორტიდან ბრაშოვამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლამ მოგვიწია, მაგრამ ეს სულაც არ იყო დამღლელი, რადგან ავტომობილი AGR-სერტიფიცირებული სავარძლებით იყო ეკიპირებული, რომლებსაც მასაჟის, დამახსოვრების და ვენტილაციის ფუნქციებიც აქვს. სამწუხაროდ, ასეთი სავარძლები საბაზისო ეკიპირებაში არ შედის და მათი დაყენება ჯერ მხოლოდ დამატებითი ოპციის სახით არის შესაძლებელი.

რუმინეთში გამართული ტესტებისას, „ინსიგნია გრანდ სპორტმა“ პრემიუმ ავტომობილის შთაბეჭდილება დატოვა. არადა, მისი ფასი პრემიუმზე გვარიანად ნაკლები იქნება. ქართულ ბაზარზე ის 2-3 თვეში შემოვა, როცა თბილისში „ოპელის“ ახალი შოურუმი ამოქმედდება.

ფასისა და ღირებულების მიხედვით, „ინსიგნია გრანდ სპორტი“ ქართველი მყიდველისთვის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) არჩევანი იქნება. მთავარია გასინჯოთ და ამაში თავად დარწმუნდებით.