ბრიტანელ მილიარდერ ჯიმ რეტკლიფის კომპანია Ineos-ი, რომელიც ქიმიურ მრეწველობაშია სპეციალიზებული, Land Rover Defender-ის ტიპის ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, ჰიბრიდული და ელექტრული აგრეგატებითაც აღიჭურვოს.

Ineos-ის დირექტორი ტომ კროტი ამბობს, რომ ავტომობილი ბაზარზე 2020 წელს გამოვა და მთელს მსოფლიოში გაიყიდება. დასაწყისისთვის, წლიური ტირაჟი 15 000 ავტომობილი იქნება, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა გაიზრდება. უკვე განსაზღვრულია ფასიც. ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერ უცნობია, Defender-ის მსგავსად, 25 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში ეღირება.

Ineos-ი აცხადებს, რომ მისი პირველი ავტომობილი, Defender-ის შთაგონებით, მის სტილში შესრულდება. კროტი მას მოიხსენიებს, როგორც „უკომპრომისო ტრადიციულ 4×4-ს“. ჯერჯერობით შერჩეული არ არის მისი დიზაინი და და ძრავები. კროტი ამბობს, რომ დასაწყისისთვის, ავტომობილი დიზელის აგრეგატით აღიჭურვება, შემდგომში კი შესაძლებელია მისი ჰიბრიდული და ელექტრული ვერსიების გამოშვებაც. უფრო მეტიც, ავტომობილი ტრადიციულ შასიზე აიგება და არა მონოკოკურზე. გარდა ამისა, მის ეკიპირებაში, შეზღუდული რაოდენობით ელექტრონული სისტემები შევა. ის იქნება მაღალი ხარისხის და ძალიან გამძლე ავტომობილი.

კროტი ამბობს, რომ „ინეოსს“ ჯერ თავისი პირველი ავტომობილის სახელი არ შეურჩევია. ამ საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს. ქარხნის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. არადა, გეგმის შესაბამისად, პირველი ავტომობილი სამ წელიწადში უნდა გამოვიდეს. ამ დროში უნდა მოესწროს არამხოლოდ ქარხნის აშენება და ეკიპირება, არამედ ავტომობილის დაპროექტება, წარმოებისთვის მომზადება და ტესტირებაც. კროტის თქმით, ავტომობილი არ იქნება თანამედროვე SUV. ის უფრო ძველი ტიპის, უხეში ოფროუდერის სტილში შესრულდება. მას ექნება „Defender-ის სულისკვეთება“, თუმცა მას არ დაემსგავსება.

კროტი აღიარებს, რომ წამოწყება რისკიანია, მაგრამ მისი კომპანია ამ საქმეში ასეულობით მილიონის ინვესტირებას გეგმავს. „ინეოსმა“ უკვე შეისწავლა ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილება და ამ პროექტს მწვანე შუქი აუნთო. ამ წამოწყებას დასაწყისიდანვე რეტკლიფი (ვინც Defender-ის ფანია) პროტეჟირებდა და მან შეძლო საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელობის დაყოლიება.