ტურინის დიზაინის ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ ალექსანდრე იმნაძეს არაერთი საინტერესო კონცეპტუალური მოდელი აქვს შემუშავებული. მცირე ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო მუშაობა Alfa Romeo-სა და Ford-ში. პრაქტიკები კი თვით Bertone-ში გაიარა.

მისი მორიგი კონცეპტი BMW-ს ბრენდსთვის შესრულდა. მისი სახელია BMW M1 Shark და ის გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ბავარიული კომპანიის შორეული მომავლის სუპერ, ან სარბოლო ავტომობილის (სახელში M1 და რა თქმა უნდა ავტომობილის ფორმა, სწორედ სუპერ ავტომობილზე მიგვანიშნებს) სტილი. უფრო სარბოლო, რადგან ესკიზების პროპორციებიდან გამომდინარე, მასში პილოტი მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში თუ მოთავსდება.

მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ამ „ზვიგენს“ გენები BMW-ს წარსულთან აკავშირებს და შესაბამისად, კომპანიის დიზაინის გენებს ატარებს. კერძოდ, პროექტის ავტორის თქმით, მასზე მუშაობისას, ის კონცეპტ BMW M1-ის და Bertone-ს ეპოქალურ პროტოტიპ Stratos Zero-ს შთაგონებით მუშაობდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელიც 1970 წელს, როცა შეიქმნა, რეალობაში წარმოუდგენელი იყო, თუმცა ლეგენდარულ Lancia Stratos-ად გარდაიქმნა.