პარიზის მოტორ შოუზე, Mercedes-AMG-მ დაადასტურა, რომ ფ1-ის ძრავით აღჭურვილი ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილის გამოშვება გადაწყვეტილი აქვს. ეს ინფორმაცია, პარიზში ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე, Daimler-ის წარმოების განვითარების შეფმა, თომას ვებერმა გამოაცხადა.

„სიამოვნებით ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ AMG-ს შემდეგი დიდი საქმე უკვე დაწყებულია. ჩვენ ვმუშაობთ AMG-ს ჰიბრიდულ ავტომობილზე, რომელიც ფ1-ის ძალური დანადგარით აღიჭურვება. ეს იქნება AMG-ს ყველა დროის ყველაზე ეფექტური და გამორჩეული ავტომობილი. ვისაც უნდა, მას ჰიპერ ავტომობილი დაუძახოს“, – ამბობს ვებერი.

Mercedes-AMG-ს ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავით, რომელთან ერთადაც, ენერგიის (კინეტიკური და თბური) აღდგენის ორი სისტემა (KERS) მუშაობს. მათი ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას აღწევს. ვებერს არ დაუკონკრეტებია, საგზაო ჰიპერ ავტომობილის შიდაწვის ძრავი შეინარჩუნებს თუ არა ფ1-ის აგრეგატის მოცულობას, რომელსაც რეგლამენტი ზღუდავს. სავარაუდოდ, ჰიპერ ავტომობილის შემთხვევაში, ძრავის მუშა მოცულობა გაიზრდება. ასევე არ იქნება შეზღუდვა KERS-ის ორივე სისტემის სიმძლავრეშიც.

ზეპირი დადასტურების გარდა, Mercedes-მა პარიზის შოუზევე გვიჩვენა ახალი ჰიპერ ავტომობილის ესკიზი (ფოტოზე). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ ავტომობილს მსგავსი სილუეტი ექნება. პროექტში AMG-ს აფალტერბახის (გერმანია) ბაზის გარდა, მონაწილეობას მისივე ბრიქსუორტული (ბრიტანეთი, ნორთჰემპტონი) ბაზაც მიიღებს, სადაც ფ1-ის ძრავებს აწარმოებენ.

ამ ეტაპზე, ავტომობილის სახელად AMG R50-ს მოიხსენიებენ. ის კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურაზე აიგება და კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა Porsche-ს 918 Spyder-ი, Ferrari-ს LaFerrari და McLaren-ის P1. მალე ამ კოჰორტას Aston Martin-ის AM-RB 001-იც შეუერთდება.

Mercedes-AMG თავის ჰიპერ ავტომობილს მომავალ წელს, სავარაუდოდ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს.