სინგაპურის პოლიციამ 45 წლის მამაკაცი მას შემდგ დააკავა, რაც ვიდეოკამერით გადაღებული ჩანაწერი ნახა იმისა, თუ როგორ რისკიანი მანევრით ასწრებდა ის თავისი Lamborghini Huracan Spyder-ით სხვა ავტომობილს. ჩანაწერი ფეისბუკზე იმ ავტომობილის მგზავრებმა გამოაქვეყნეს, რომლებმაც შემთხვევა დააფიქსირეს.

შემთხვევა ღამით მოხდა, როცა ვიდეოს ავტორების ავტომობილი პატარა მინივენის გასწრებას ცდილობდა. ამ დროს, მის ავტომობილსა და მინივენს შორის დარჩენილ ვიწრო დერეფანში ლურჯმა სუპერ ავტომობილმა გაიქროლა. ამ დროს, მინივენის მარჯვნივ არსებული ზოლი პრაქტიკულად თავისუფალი იყო და „ლამბოს“ მძღოლს იქიდან გასწრება უფრო უხიფათოდ შეეძლო. მაგრამ მან ძალიან სახიფათო ვარიანტი არჩია.

ბედად, გასწრება მშვიდობიანად დასრულდა და არავინ დაზარალებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიციამ გამოიკვლია, თუ ვის ეკუთვნოდა ლურჯი „ურაკანი“ და ის მალე დააკავა კიდეც. ამასთან, დამრღვევს ავტომობილი ჩამოართვეს კიდეც.

ავტომობილი, საიდანაც ვიდეო გადაიღეს, ვინმე ჰენ სეე მენს ეკუთვნის, რომელიც ყვება, რომ თავის ოჯახთან ერთად მგზავრობდა. უგუნურმა მანევრმა ყველა ძალიან დააფრთხო. „იმედი მაქვს, რომ ყველა მძღოლი დაიცავს საგზაო წესებს და სხვებს საფრთხეს არ შეუქმნის“, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

სინგაპურის პრესას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ბედი ეწია დამრღვევს. დარჩა ის პატიმრობაში, თუ დააჯარიმეს და გაუშვეს. ასეა თუ ისე, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სოციალურ მედიას დიდი როლის შესრულება შეუძლია დამრღვევთა გამოვლენასა და დასჯაში.

სხვათა შორის, მსგავსი არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნებულა, რომლებზეც ასახულია საქართველოს გზებზე მომხდარი ინციდენტები, მაგრამ მათზე რეაგირების შესახებ ჯერ არავის სმენია.