Honda მოტოციკლებსაც აწარმოებს და ავტომობილებსაც. მაგრამ არასდროს შეუქმნია ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ერთდროულად, ავტომობილსაც დაემსგავსებოდა და მოტოციკლსაც. მაგრამ ამ კონცეპტუალური ავტომობილით, რომელიც ფოტოებზეა და რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შუზე, მალე გაიმართება, ოთხბორბლიან და ორბორბლიან მანქანებს შორის განსხვავება და იმავდროულად მსგავსებაც, სულ სხვა კუთხითაა ნაჩვენები.

კონცეპტს ისეთივე უცნაური სახელი აქვს, როგორიც გარეგნობა – Project 2&4. როგორც ჩანს (ამაზე იაპონური კომპანია ჯერ არაფერს ამბობს – პრემიერისთვის ინახავს) ამ სახელში სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს მოტოციკლიცაა და… ავტომობილიც. და თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, შესაბამის ეფექტსაც მალე „დაიჭერთ“: კონცეპტს თუ მარჯვენა გვერდხედში შეხედავთ, ის ჩვეულებრივი, ღია სპორტული ავტომობილია. მაგრამ მარცხნიდან მას ძარის ნაწილები „აკლია“. სავარძელი კი თითქოს ჰაერშია ჩამოკიდული. და ასეთი ღია კოკპიტი, როცა მხოლოდ ორ ბორბალს ხედავთ, სწორედ მოტოციკლს მოგაგონებთ.

Honda-Project-2-4-2

მოკლედ, სახელის „მიზეზი“ დავადგინეთ. მაგრამ ეს ერთადერთი რამ არაა, რაც ორ და ოთხბორბლიან მანქანებს აერთიანებს. „პროჯექტ2&4’ს“ მამოძრავებელ ძალას მოტოციკლების მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლესი კლასის, მოტო GP’ს სარბოლო მოტოციკლის ძრავი, RC213V ანიჭებს. რა თქმა უნდა, ეს არც პირველი და არც ბოლო შემთხვევაა, როცა ინჟინრები ავტომობილისთვის მოტოციკლის ძრავს არჩევენ.

კომპაქტური 1.0-ლიტრიანი (999 კუბ სმ) V4 ძრავი ძრავი ბაზაში, კოკპიტის წინ არის განლაგებული. ის 215 ცხენის ძალას (13 000 ბრ/წთ-ზე) და 118 ნიუტონმეტრს (10 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს, მაქსიმალური ბრუნვები კი წუთში 14 000 აქვს. ძრავთან 6-საფეხურიანი DCT გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც მაბრუნ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.

Honda-Project-2-4-1 (1)

ერთი შეხედვით, ძრავი მაღალი სიმძლავრით ვერ დაიკვეხნის, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტომობილი მოკრძალებული გაბარიტებით და წონით გამოირჩევა. მისი სიგრძე 3 040 მილიმეტრია, სიგანე 1 820 მილიმეტრი, სიმაღლე კი – 995 მილიმეტრი. და ავტომობილი მხოლოდ 405 კილოგრამს იწონის. საინტერესოა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი ფორმულა ერთის 1965 წლის ბოლიდის (RA271) სტილში გააფორმეს.

დაბოლოს, ეს უცნაური კონცეპტი, „ჰონდას“ მიერ საკუთარ დიზაინ სტუდიებს (რომლებიც იაპონურ კომპანიას მთელს მსოფლიოში აქვს) შორის ჩატარებული კონკურსის შედეგად იშვა. კონკურსის თემ თავისუფალი იყო და კომპანიის მესვეურებს, საკუთარი სტუდიების სპეციალისტთა ნააზრევი აინტერესებდათ. როგორც ჩანს, ჟიურიმ ყველაზე ორიგინალური და უცნაური აირჩია…