Honda-მ ფრანკფურტის მოტორ შოუზე, პატარა კონცეპტუალური ურბანული ელექტრომობილი, Urban EV წარადგინა. ევროპაში სულ უფრო მეტი ქვეყანა და ქალაქი ცდილობს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების შეზღუდვას, რათა გარემო მავნე გამონაბოლქვისგან დაიცვან. Honda-ს კონცეპტი კი სწორედ ასეთი ავტომობილების ალტერნატივაა.

ელექტრული ჰეჩბეკი მცირე გაბარიტებით და რეტრო სტილით გამოირჩევა, რასთანაც თანამედროვე ტექნოლოგიებია შეზავებული. მათ შორის, ელექტრული ძალური დანადგარი. ფრანკფურტში იაპონურ კომპანიას ამ დანადგარის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ გვამცნო, რომ ავტომობილი ეკიპირებულია ძალის განაწილების ტექნოლოგიით, რომელიც ენერგიის ეკონომიურად მოხმარებას და ნაკლები დანაკარგით შენახვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მასვე ჭარბი ენერგიის ქსელში დაბრუნება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური Urban EV 10 სანტიმეტრით მოკლეა პოპულარულ Jazz/Fit-ზე, მის სალონში მაინც ოთხი სავარძლის მოთავსება მოხერხდა. იქ შესავლა ორი კარით არის შესაძლებელი, რომლებიც უკანა საყრდენებზეა დაკიდული და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იღება.

სალონი ძალიან უბრალოდ და მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მძღოლის განკარგულებაშია საჭე, პედლები და ინფოტაინმენტ სისტემის დიდი სენსორული ეკრანი, რომელიც სალონის მთელ სიგანეს იკავებს. მისი ნაწილი, მაჩვენებლების დაფის როლსაც ასრულებს.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ Honda ამ კონცეპტის სერიულ წარმოებას აპირებს. ოღონდ, სერიულ ავტომობილზე ბევრი რამ სხვაგვარად გაკეთდება. სავარაუდოდ, Urban EV-ს სერიული ვერსია ევროპულ ბაზარზე 2019 წელს გამოვა.

Honda Urban EV Concept unveiled at the Frankfurt Motor Show