Honda-მ ახალი ავტომატიზებული კონცეპტუალური ელექტრომობილი შეიმუშავა, სახელად NeuV (ნიუვი). მას ელექტრული ძალური დანადგარის გარდა, ისიც გამოარჩევს, რომ ეკიპირებულია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ადამიანს ავტომობილთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს მისცემს და მომხმრებლებისთვის ავტომობილს ახალ ფასეულობას შესძენს.

იაპონური კომპანიის მომავლის ტექნოლოგიებს შორის იქნება ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა მაგალითად საცობების შემცირების ხელშეწყობის სისტემა, ან ავტომობილში ურთიერთობის და კავშირის ახალი საშუალებები. გარდა ამისა, Honda მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს დამწყებ კომპანიებთან და გლობალურ ბრენდებთან, რომლებიც მობილურობის ახალ ტექნოლოგიების შემუშავებაში და დანერგვაში დაეხმარებიან.

კონცეპტ NeuV-ის პრემიერა ლას ვეგასის შოუზე, 5 იანვარს გაიმართა. წარდგენას გაუძღვა კომპანიის კვლევისა და განვითარების შტოს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი იოშიუკი მაცუმოტო, რომელმაც დამსწრეებს ასევე ახალი კონცეპტუალური მოტოციკლი და რობოტული ტექნოლოგიები წარუდგინა.

კონცეპტი NeuV აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც უკანა ბორბლებს ამოძრავებს. მისი სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. ის ენერგიას ძირზე განლაგებული ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, რომლის ტევადობაც მხოლოდ 20 კილოვატსაათია. ეს კი 160-320 კილომეტრის გასავლელად (დამოკიდებულია ამინდზე და გზის მდგომარეობაზე) არის საკმარისი.

Honda-ს კვლევებმა აჩვენა, რომ კერძო ავტომობილი დროის 96 პროცენტს უქმედ ატარებს. მაგრამ NeuV-ს ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, რომელიც მას მოცდენის საშუალებას არ აძლევს. კერძოდ, როცა მას არ მართავენ, ის თავისი მფლობელისთვის ფულს გამოიმუშავებს – შეუძლია უპილოტო ტაქსის მოვალეობა შეასრულოს და კლიენტს გამოძახებით მიაკითხოს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო ენერგიის დაბრუნება შეუძლია.

NeuV-ი თავის ხელოვნურ ინტელექტს (რომელსაც კომპანიაში „ემოციის ძრავს“ უწოდებენ) სხვა დანიშნულებითაც იყენებს. ის მფლობელის ემოციებს აკონტროლებს, მათ იმახსოვრებს და შემდგომში, მისი განწყობის შესაბამისად მოქმედებს. ოღონდ! ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტურია და რეალურად არ არსებობს. თუმცა იაპონური კომპანია ასეთი ტექნოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს.