„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ მისმა ინჟინრებმა გამოაცალკევეს აგრეგატის ის კვანძები, რომელთა სრულყოფაზეც მუშაობა გაგრძელდება და დაიხარჯება ის პირობითი ქულები, რომლებიც იაპონურ კომპანიას აგრეგატის განვითარების უფლებას აძლევს. როგორც ძრავების ახალ მიმწოდებელს, „ჰონდას“ თავისი აგრეგატის სრულყოფისთვის ნაკლები პირობითი ქულა (ეგრეთ წოდებული ტოკენი) ერგო.

„ჰონდას“ განკარგულებაში მთელ სეზონზე მხოლოდ 9 პირობითი ქულაა, რაც მას სრულყოფის პროცესის ფრთხილად დაგეგმვისკენ უბიძგებს, რათა ეს ქულები მაქსიმალურად ეფექტურად „დაიხარჯოს“. იაპონური კომპანია, თავისი აგრეგატის სრულყოფის პროცესის დასაგეგმად, პირველი ოთხი რბოლის დროს მიღებული ინფორმაცია გამოიყენებენ. თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდა..

Petronas-Sponsor

„ჩვენ ჯერ ჩვენს განკარგულებაში არსებული ტოკენების ჩამოყალიბებული გეგმა არ გაგვაჩნია. უკვე დავადგინეთ აგრეგატის ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება გეგმას, მას რბოლიდან რბოლამდე გადავხედავთ, რათა ტოკენები ტყუილად არ დავხარჯოთ. ახლავე შეიძლება თქმა, რომ აგრეგატის მთავარი სისუსტე, ცხენის ძალების ნაკლებობაა. ამგვარად, ერთი მიმართულება, შიდაწვის ძრავის სრულყოფაა. ასევე დასახვეწია ორივე ტიპის ენერგიის აღდგენის სისტემები“, – ამბობს არაი.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, წვის პროცესის კონცეპციაც კი შესაცვლელი გახდეს. ან შეიცვალოს ტურბო კომპრესორი, ან ძრავის გამანაწილებელი ლილვი და სხვა რამ: „ჩვენ უნდა ვცადოთ წვის პროცესის ახლიდან გააზრება, რადგან სავარაუდოდ, ძრავების სხვა მიმწოდებლები ამას მუდმივად აკეთებენ, რათა წვის უკეთეს მაჩვენებლებს მიაღწიონ. ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ ამაზე, მუშაობენ ახლებურ მიდგომაზე, ცდიან ახალ გადაწყვეტებს. ტესტები თუ აჩვენებს ახალი კონცეპციის უპირატესობას, მაშინვე დაიწყება მის გამოყენბეაზე ზრუნვა. შესაძლოა, სწორედ ესაა ის სფერო, რომელზეც ჩვენი ტოკენების გამოყენება სჯობს“.

სხვათა შორის, ესპანეთის დიდი პრიზის შემდგომ, ბარსელონაშივე ჩატარებული ტესტებით, „მაკლარენიც“ და „ჰონდაც“ კმაყოფილები დარჩნენ. არადა, რბოლის პირველ 30 წრეს, ჯენსონ ბატონმა თავის კარიერაში „ყველაზე საშიში“ უწოდა. მაგრამ ტესტებმა ბრიტანელს აზრი შეაცვლევინა. სხვათა შორის, ბატონამდე საჭესთან ტესტ პილოტი ოლივერ ტარვი იჯდა, რომელმაც 100 წრე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა.

დაბოლოს, არაიმ პირობა დადო, რომ მონაკოსა და კანადაში, ბატონს და ფერნანდო ალონსოს განკარგულებაში, „უფრო კონტროლირებადი და მართვადი“ ძრავი იქნება.

Petronas-Sponsor-Footer