ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო, კანადის დიდ პრიზზე, „ჰონდას“ მიერ გაუმჯობესებული ძალური დანადგარით აღჭურვილი ბოლიდებით იასპარეზებენ. იაპონურმა კომპანიამ დაადასტურა, რომ თავისი აგრეგატის მოდიფიკაციის შემდეგ, ის უფრო მძლავრი და გამძლე გახდა. მონაკოს ეტაპის შემდეგ, ზედიზედ სამი რბოლა (კანადა, ავსტრია და ბრიტანეთი) ჩქაროსნულ ტრეკებზე ტარდება და მძლავრი ძრავები „მაკლარენის“ პილოტებს შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

სხვათა შორის, ადრე გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებდა, რომ კანადაში მოდიფიცირებული ძრავით „ფერარიც“ უნდა ჩასულიყო, მაგრამ მარანელოელებმა მათ ხელთ არსებული 10 პირობითი ქულის (ე.წ. ტოკენის, რომლებიც ძრავის გარკვეული ნაწილის მოდიფიცირების უფლებას იძლევა) დახარჯვა სეზონის მეორე ნახევარში ამჯობინეს. მაგრამ ამ ორ გუნდს სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს – იტალიელები ჩემპიონი „მერსედესის“ დაწევას ცდილობენ, ბრიტანელებს კი კრიზისიდან თავის დაღწევა და ქულების მარაგის შექმნა სურთ.

Petronas-Sponsor

„ჰონდას“ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ აგრეგატის რა კომპონენტებს ჩაუტარდა მოდიფიკაცია. თუმცა სავარაუდოდ, მათ შესახებ უფრო დაწვრილებით, კანადური რბოლის წინ, სპეციალური განცხადებით მოყვება. „ჰონდას“ ფ1-ის ძრავის პროგრამის შეფმა იასუჰისა არაიმ მონაკოში განაცხადა, რომ მისი კომპანია ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ კანადაში და მის შემდგომ ეტაპებზე, ძრავისგან მეტი ცხენის ძალებია საჭირო. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა აგრეგატის დახვეწა.

„კანადის ტრეკი ძრავებისგან ძალას მოითხოვს და ჩვენც მეტი სიმძლავრე გვჭირდებოდა. იმავდროულად, ამ ტრასაზე ინტენსიური დამუხრუჭებაც ხშირად ხდება. ამიტომ, მუხრუჭების ენერგიის აღდგენის სისტემაც დახვეწას საჭიროებდა. ვიცი, რომ მეტი სიმძლავრე გვჭირდება, მაგრამ ეს არც ისე იოლი მისაღწევია. ნაწილობრივ, ამის გაკეთება კინეტიკური ენერგიის აღდგენის (MGU-K) და მისი ეფექტურად გამოყენების ხარჯზე უნდა მოხდეს“, – ამბობს არაი.

Petronas-Sponsor-Footer