ფორმულა ერთის პილოტები უზარმაზარ ხელფასებს ღებულობენ. თუმცა მათს ხელფასებს შორის დიდი განსხვავებაა. გუნდები ჩემპიონებისთვის ზღაპრულ ანაზღაურებას არ იშურებენ, ახალბედებისთვის კი ხანდახან ძალიან მცირე ჯამაგირს იმეტებენ. ისეც ხდება, რომ პილოტი, უფრო სწორედ კი მისი სპონსორი, თავად კისრულობს გუნდის ბიუჯეტის ნაწილობრივ შევსებას.

ახლახანს ლუის ჰამილტონმა „მერსედესთან“ ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯამში დაახლოებით 100 მილიონ ევროს მიიღებს. მაგრამ ეს მომავალი წლიდან იქნება, ამჟამად კი გაცილებით ნაკლებს უხდიან.

მართალია, გუნდებიც და პილოტებიც თავიანთი კონტრაქტების ზუსტ რიცხვებს არ ამხელენ ხოლმე, თუმცა სხვადასხვა გამოცემები, განსხვავებულ წყაროებზე დაყრდნობით, მიახლოებულ მონაცემებს აქვეყნებენ ხოლმე. ახლახანს ასეთი მონაცემები გამოცემა „ბიზნეს ბუკმა“ გაავრცელა, რომელმაც ისინი „გაძეტა დელო სპორტისგან“ მოიპოვა.

Petronas-Sponsor

ამ მონაცემების მიხედვით, ამჟამად ყველაზე მაღალი ხელფასი არც მოქმედ ჩემპიონს აქვს და არც ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელს. ხელფასების ჩემპიონი, ესპანელი  ფერნანდო ალონსოა, რომელიც ამ სეზონის აუტსაიდერ (რა დრო დადგა) „მაკლარენ-ჰონდასგან“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. არადა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ამ სეზონში ჯერ ქულაც არ აქვს…

მეორე ადგილზე სებასტიან ფეტელია, ვისაც „ფერარი“ ამ სეზონში 28 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს გაცილებით მეტია იმ ხელფასზე, რომელსაც გერმანელი პილოტი, „რედ ბულისგან“ საჩემპიონო ოთხ სეზონში ღებულობდა. მესამე ადგილზეა ლუის ჰამილტონი, ვისი ამჟამინდელი ხელფასიც 25 მილიონი ევროა. ალონსოზე თითქმის ორჯერ ნაკლები ჯამაგირი აქვს მის შარშანდელ თანაგუნდელ კიმი რაიკონენს, ვისაც „ფერარი“ 18 მილიონ ევროს გადაუხდის. ჰამილტონზე თითქმის ორჯერ ნაკლებ ხელფასს (13.5 მილიონს) „მერსედესი“ ნიკო როსბერგს უხდის. ჯენსონ ბატონის ანაზღაურება კი „მხოლოდ“ 10 მილიონია.

მილიონერთა სიას კიდევ შვიდი პილოტი ამშვენებს. 4-4 მილიონ ევროს ღებულობენ ფელიპე მასა, ნიკო ჰულკენბერგი, სერხიო პერესი, რომენ გროჟანი და პასტორ მალდონადო. მასაზე ორჯერ ნაკლები ხელფასი, მის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს აქვს, დანიელ რიკიარდო კი მხოლოდ 1.5 მილიონს მიიღებს. არადა, „მერსედესის“ პილოტების გარდა, ის გასულ სეზონში ერთადერთი პილოტი იყო, ვინც რბოლების (სამის) მოგება შეძლო.

750 ათასი დაუნიშნეს „რედ ბულში“ დაწინაურებულ დანილ კვიატს, რომლის ყოფილი გუნდი „ტორო როსოც“, თავის ორ ახალბედას, კარლოს საინსს და მაქს ფერსტაპენს ერთნაირ ხელფასს – 250 ათასს მისცემს. 200 ათასი აქვთ „ზაუბერის“ პილოტებს, ფელიპე ნასრს და მარკუს ერიკსონს. მხოლოდ 150 ათასს მიიღებს „მენორის“ უილ სტივენსი, მის თანაგუნდელ რობერტო მერის კი სრულფასოვანი კონტრაქტი არ აქვს და მხოლოდ 50 ათასს დასჯერდება.

Petronas-Sponsor-Footer