ამერიკულ კომპანია Hennessey-ს ღია სუპერ ავტომობილმა Venom GT Spyder-მა, საზღვაო-საჰაერო ძალების კალიფორნიის ბაზა ლემურის ასაფრენ ზოლზე, ღია ავტომობილებისთვის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 265.6 მილს (427.44 კმ/სთ) მიაღწია. ამგვარად, მან გააუმჯობესა Bugatti Veyron Grand Sport Vitesse-ს რეკორდი – 254.04 მლ/სთ (408.77 კმ/სთ), რომელიც 2013 წელს არის დამყარებული.

Hennessey-მ სარეკორდო გარბენი, საკუთარი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს მიუძღვნა. ახალი რეკორდ 25 მარტს დამყარდა. Lotus Elise-ს ბაზაზე შექმნილი Venom GT Spyder-ი 1451-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი. გარბენს  კომპანია Racelogic-ის ტექნიკური დირექტორი ჯიმ ლეი დაესწრო, რომელმაც რეკორდული სიჩქარე ოფიციალურად დაადასტურა. მისი კომპან სიჩქარის ტესტებზეა სპეციალიზებული. გარბენს ასევე ესწრებოდა აშშ-ის საზღვაო ძალების საჰაერო ოპერაციების ოფიცერი დარენ ფოუტსი. რეკორდული გარბენისას, ავტომობილის საჭესთან Ford Performance-ს სარბოლო სკოლის დირექტორი, ბრაიან სმიტი იჯდა.

Hennessey-მ სუპერ ავტომობილ Venom GT-ს ღია ვერსია პირველად ლას ვეგასის შარშანდელ გამოფენა SEMA-ზე წარადგინა. Lotus Elise-ს მოდფიცირებულ შასიზე აგებული ეს ავტომობილი აღჭურვილია წყვილ ტურბო კომპრესორიანი 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 1451 ცხენის ძალას და 1 745 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში Ricardo-ს წარმოების 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი მუშაობს.

ცნობისათვის, „ჰენესი“ ღია ავტომობილების რეკორდს კი დაეუფლა, მაგრამ კუპეებს შორის რეკორდი Veyron Super Sport-ს ეკუთვნის, რომელმაც 2010 წელს 267.8 მლ/სთ (431.072 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა. მართალია, ამერიკული კომპანიის სუპერ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეს 270.49 მლ/სთ აქვს აკრეფილი, მაგრამ ის რეკორდად არ დაფიქსირდა, რადგან გარბენი მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულდა, გინესის რეკორდების წიგნში კი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, თუ ის ორი გარბენის ჯამში მყარდება.

თუმცა, Hennessey ამ რეკორდის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და მას თავის ახალ სუპერ ავტომობილ F5-ს „შეუნახავს“, რომლის წარმოებაც ჯერ არ დაუწყია. ამერიკული კომპანია იქადნის, რომ ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 მილს (დაახლოებით 467 კმ/სთ) მიაღწევს.