სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ჰენესი, თავის სუპერ ავტომობილ Venom GT -ს იმ ეგზემპლარს ჰყიდის, რომელმაც 2013 წელს, 300 კმ/სთ სიჩქარის აკრეფის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეკორდსმენმა ეს სიჩქარე 13.63 წამში განავითარა. ეს მიღწევა თვით გინესის რეკორდების წიგნმაც ოფიციალურად დააფიქსირა.

უფრო მეტიც, „ვენომ GT-მ“ 2014 წელს სერიული ავტომობილების სიჩქარის რეკორდიც (435.3 კმ/სთ) დაამყარა. ეს შედეგი თითქმის 4 კმ/სთ-ით სჯობს „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტის“ ძველ რეკორდს, რომელიც ამ ავტომობილმა 2010 წელს დააფიქსირა. „ჰენესის“ ავტომობილმა სიჩქარის რეკორდი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ასაფრენ ზოლზე დაამყარა.

ოღონდ, მეორე რეკორდი გინესის წიგნის მხრიდან არ დაფიქსირდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ავტომობილმა დისტანცია მხოლოდ ერთი მიმართულებით გაიარა. რეკორდისთვის კი საჭირო იყო, რომ ორივე მიმართულებით გაევლო და საშუალო სიჩქარე დაფიქსირდებოდა. „ჰენესი“ ამ გარბენის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელობამ ამის უფლება აღარ მისცა.

Hennessey-Venom-GT-2

„ჰენესი ვენომ GT“ დამზადებულია „ლოტუს ელისის“ ბაზაზე. ის აღჭურვილია 7.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1244 ცხენის ძალას ავითარებს. სულ ასეთი 29 ავტომობილი დამზადდა, თითოეული კი 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რა ფასად იყიდება რეკორდსმენი ავტომობილი, ამაზე „ჰენესი“ ამბობს, რომ ფასს მხოლოდ „ყველაზე სერიოზულ კლიენტებს“ გაუმხელს.