ერთადერთი კომპანია, რომელმაც ექვსბორბლიანი მსუბუქი ავტომობილი დაამზადა, არის Mercedes-Benz-ი, რომლის G63 AMG 6×6 აღფრთოვანებას იწვევს ავტომოყვარულებში. თუმცა, ეს ავტომობილი იმდენად იშვიათი, რომ გზაზე მისი ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვა კომპანიებს შტუტგარტელებისთვის არ მიუბაძავთ, მაგრამ სატუნინგო ფირმებმა რაღაც მსგავსი სცადეს და არცთუ ცუდ შედეგი მიიღეს.

ერთ-ერთი მათგანია Kahn Design-ი, რომელმაც Land Rover Defender-ის ბაზაზე, მისი ექვსბორბლიანი ვერსია 6×6 Flying Huntsman-ი დაამზადა. ახლახანს კი 6-ბორბლიანთა კლუბს ტექსასური სატუნინგო კომპანია Hennessey Performance-იც შეუერთდა, რომელმაც Ford F-150 Raptor-ის ბაზაზე, თავისი კონცეპტუალური ექვსბორბლიანი ვერსია, VelociRaptor 6X6 შეიმუშავა. როგორც პროექტის ავტორები გვპირდებიან, მათს შედევრს, ისედაც უგზოობის საუკეთესო თვისებებით გამორჩეულ სტანდარტულ „მტაცებელზე“ უკეთესი მახასიათებლები აქვს.

hennessey-velociraptor-6x6-side-black

VelociRaptor 6X6-ი აღჭურვილია ბახას ტიპის რბოლებისთვის შემუშავებული საკიდარით, რომელიც Fox-მა დაამზადა. ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ყველგანმავლის შესაფერისი საბურავებით არის შემოსილი. გადაკეთდა წინა და უკანა ბამპერები. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს დამცავი რკალი, სახურავის წინა ნაწილში კი დამატებითი ფარები განლაგდა.

VelociRaptor 6X6 იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც მისი დონორი „რეპტორი“. ესაა სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V6, რომელიც 450 ცხენის ძალას და 691 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მაგრამ Hennessey-ს ასევე შემუშავებული აქვს პაკეტი, რომელიც ამ ძრავის 600 ცხენის ძალამდე გაძლიერებას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, VelociRaptor 6X6-ს ფასი 292 661 დოლარია, რაშიც დონორი ავტომობილის ფასის გათვალისწინებულია. ამგვარად, ეს ავტომობილი Mercedes-ის G63 AMG 6×6-ზე გაცილებით იაფია.