ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი კი მოიგო, მაგრამ იყო იმის შანსი, რომ ის რბოლას დასაწყისშივე გამოთიშვოდა. მოსახვევ კოპსში, როცა პელოტონს ჯერაც უსაფრთხოების მანქანა მიუძღოდა, მას ლუის ჰამილტონი კინაღამ დაეჯახა. ჰამილტონს გზიდან გადასვლა დასჭირდა იმისათვის, რომ შეჯახება თავიდან აეცილებინა.

shell-for-web

ბრიტანელი ამბობს, რომ შემთხვევა მუხრუჭების გამო მოხდა. სველ ტრასაზე, უსაფრთხოების მანქანა მეტისმეტად ნელა მოძრაობდა, რის გამოც, მუხრუჭების სათანადოდ გახურება ვერ შეძლო. სწორედ ამის გამო, კოპსში მანქანა ისე ვერ შეანელა, როგორც ელოდა და როცა ეს იგრძნო, ისღა დარჩენოდა, გზიდან გადასულიყო.

„უკანა მუხრუჭების ტემპერატურის სამუშაო დონემდე აყვანა ვერ მოვახერხე. ვცადე, მაგრამ უსაფრთხოების მაქნქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, ვერ წარმოიდგენთ. ჩვენი მანქანა კი ისეთი სწრაფია. თან უსაფრთხოების მანქანის უკან ხედვა ცუდი იყო. დამუხრუჭება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ, ლამის უსაფრთხოების მანქანას დავეჯახე. ასეთი რამ პირველად შემემთხვა და ბედად, შეჯახება არ მოხდა“, – ყვება ჰამილტონი.

ის ასევე დასძენს, რომ რბოლის უსაფრთხოების მანქანით დაწყება საჭირო არ იყო, რადგან თვლის, რომ ტრასაზე იმაზე ნაკლები წყალი იყო, ვიდრე 2008 წლის რბოლისას, რომელიც ასევე თავად მოიგო. „ჩემი აზრით, ადგილიდან სტარტი უნდა აგვეღო. გუბეები ყველგან იყო, მაგრამ რბოლაში ასეც ხდება ხოლმე. თანაც, უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე ძალიან დიდხანს დარჩა. როცა ის გავიდა, უკვე საშუალო წვიმის რეზინზე გადასვლა შეიძლებოდა. ამაზე გაცილებით მეტი წყალი 2008 წლის რბოლისას იყო, მაგრამ მაშინ სტარტი ადგილიდან ავიღეთ“.

content-banner