“ერთი წრეც და რბოლას რაიკონენი მოიგებდა…” – ეს სიტყვები მერსედესის შეფ ტოტო ვოლფს ეკუთვნის. ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის დასრულების შემდეგ, „სკაი სპორტსთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ ნიკო როსბერგს ბოლოსწინა წრეზე შეცდომა არ დაუშვია – მას მუხრუჭებმა უმტყუნა. ბოლო წრეზე კი იგივე პრობლემა ლუის ჰამილტონის ბოლიდზეც წარმოიქმნა, რის გამოც, ბრიტანელმა ტემპი საგრძნობლად დააგდო. თუმცა, მაინც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და ამ სეზონში, ოთხიდან მესამე რბოლაში გაიმარჯვა.

მართალია, რაიკონენს როსბერგის გასწრებაში გერმანელის მანქანის მუხრუჭების დაზიანებამ შეუწყო ხელი, მაგრამ უსაქმოდ არც ის მჯდარა – სანამ როსბერგს პრობლემები შეექმნებოდა, მას წრეზე წამზე მეტს უგებდა. ამაში მას ის ფაქტი დაეხმარა, რომ ლიდერთაგან ყველაზე გვიან შეცვალა რეზინი. თუმცა, ამის საშუალება რომ მისცემოდა, მანამ ორჯერ მოუწია გაცვეთილი საბურავით ზედმეტი წრეების გავლა. საბოლოოდ, რაიკონენის სისწრაფეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რბოლის უსწრაფესი წრე სწორედ მან გაიარა (42-ე წრეზე).

image25.img.1536.medium

მოკლედ, 2013 წლის შემდეგ, რაიკონენი პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მაშინ მოწინავე სამეულში ბოლოს რბოლა „ლოტუსის“ ბოლიდით დაასრულა. ისე კი, „ფერარის“ სახელით კვარცხლბეკზე 2009 წლის შემდეგ პირველად ავიდა. ფინელმა დაჯილდოების შემდგომ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, სერ ჯეკი სტიუარტი წაუძღვა, განაცხადა, რომ „ფერარის“ გამარჯვებისთვის ბრძოლის უნარი შესწევს.

Petronas-Sponsor

სტიუარტმა ჰამილტონს შეახსენა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ სეზონის ბოლოს, ჩემსავით სამგზის ჩემპიონი შეიძლება გახდეო, რაზეც მოქმედმა ჩემპიონმა უპასუხა: „მე სწორედ ამას ვესწრაფვი. „ფერარიმ“ გვარიანი წინააღმდეგობა გაგვიწია. თანაც, საბურავების სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაც ძალიან გაგვიჭირდა. ბედად, მანქანამ ბოლომდე კარგად იმუშავა და ზეწოლას გავუძელი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ „მერსედესი“ კვლავაც საუკეთესოა“.

სტარტამდე პრობლემა შეექმნა ფელიპე მასას, რომელსაც ამის გამო, რბოლის პიტლეინიდან დაწყებამ მოუწია. საბოლოოდ კი მეათე ადგილს დასჯერდა. საერთოდ ვერ შეძლო რბოლაში მონაწილეობა ჯენსონ ბატონმა, ვისთვისაც ბაჰრეინული ეტაპი ნამდვილ კოშმარად იქცა. ამჯერად ამის მიზეზი, „ჰონდას“ ძალური დანადგარის გაუმართავი ელექტრონიკა გახდა.

სამაგიეროდ, ფინიშს მიაღწია ფერნანდო ალონსომ, ვინც ამჯერად მე-11 იყო, ის გამარჯვებულს კვლავაც წრეზე მეტით ჩამორჩა, თუმცა 39-ე წრეზე რაიკონენს გაასწრო, რომელსაც ამ დროს, საბურავების მეორე კომპლექტი გაცვეთილი ჰქონდა და ამის შემდეგ, მალევე შევიდა მესამე პიტსტოპზე.

ძრავმა კვლავ უმტყუნა დანიელ რიკარდოს, თუმცა ეს ზედ ფინიშის ხაზთან მოხდა და ავსტრალიელმა რბოლის მე-6 პოზიციაზე დასრულება მოასწრო. არც სებასტიან ფეტელს გაუმართლა. მას ჯერ რბოლისას სამჯერ გაასწრო როსბერგმა – პირველად რბოლის დასაწყისში, მერე კი პიტსტოპიდან გამოსვლების დროს. ერთხელ კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მოსახვევის გავლისას შეცდომა დაუშვა გზის მიღმა გაინავარდა და ამ დროს მანქანაზე წინა ანტი ფრთა დაუზიანდა, რის გამოც, ბოქსებში ზედმეტი ვიზიტი დასჭირდა. საბოლოოდ, მას ვალტერი ბოტასმა გაასწრო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35:05.809
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +00:03.380
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:06.033
  4. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 00:42.957
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:43.989
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:01.751
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 01:24.763
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1 წრე
  16. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2 წრე
  17. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 3 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)                       22 წრე

გ. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)   27 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                   57 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი – 1:36.311, 42-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი 93
  2. ნიკო როსბერგი 66
  3. სებასტიან ფეტელი 65
  4. კიმი რაიკონენი 42
  5. ფელიპე მასა 31
  6. ვალტერი ბოტასი 30
  7. დანიელ რიკარდო 19
  8. ფელიპე ნასრი 14
  9. რომენ გროჟანი 12
  10. ნიკო ჰულკენბერგი 6
  11. მაქს ფერსტაპენი 6
  12. კარლოს საინს უმცროსი 6
  13. სერხიო პერესი 5
  14. მარკუს ერიქსონი 5
  15. დანილ კვიატი 4

გუნდური კლასიფიკაცია

  1. მერსედესი 159
  2. ფერარი 107
  3. უილიამს-მერსედესი 61
  4. რედ ბულ-რენო 23
  5. ზაუბერ-ფერარი 19
  6. ლოტუს-მერსედესი 12
  7. ტორო როსო-რენო 12
  8. ფორს ინდია-მერსედესი 11
  9. მაკლარენ-ჰონდა 0
  10. მენორ-ფერარი 0

Petronas-Sponsor-Footer