იმ წუთიდან, როგორც კი თქვენს ავტომობილს ინტერნეტთან დააკავშირებთ, მაშინვე შესაძლოა ჰაკერთა თავდასხმის ობიექტი გახდეთ. და ამისთვის ისიც საკმარისია, თუ თქვენ ინტერნეტს გასართობად, მაგალითად, მუსიკის მოსასმენად გამოიყენებთ. ჰაკერს თქვენი ავტომობილის ელექტრონულ ტვინში შეღწევა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ელექტრონულად მართვადი სისტემის გაკონტროლება შეუძლია. მაგალითად, საჭის, მუხრუჭების და აქსელერატორის. და ნუ იფიქრებთ, რომ ამ სახის პრობლემა მომავალში წარმოიქმნება. ნებისმიერ საშუალო დონის ჰაკერს, და ასეთი ბევრია, თავისუფლად შეუძლია, თუნდაც გასართობად, თუნდაც ალალბედზე შერჩეული მსხვერპლის გამწარება.

ერთი რეპორტიორის „ჯიპ ჩეროკის“ ტვინში ჰაკერმა მაშინ შეაღწია, როცა ის მაგისტრალზე მოძრაობდა. და მაშინვე მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო, როგორიც ჯერ ფილმშიც კი არ გადაუღიათ. მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თავის ავტომობილში უბრალო მგზავრია და რომ არცერთი ფუნქციის გაკონტროლება არ შეუძლია…

თანამედროვე ავტომობილებში, ელექტრონიკა ძალიან ბევრ სისტემას აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს სისტემები მართვას აადვილებენ და უსაფრთხოებასაც აუმჯობესებენ. მაგრამ თუ ასეთი ავტომობილი ინტერნეტშიცაა ჩართული, იქმნება რეალური იმის საშიშროება, რომ ავტომობილის მართვა ჰაკერმა შეძლოს. და მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩინეთში ცხოვრობს, იამაიკაში, თუ სამხრეთ აფრიკაში. ინტერნეტი მას თქვენი ავტომობილის გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

ამის საილუსტრაციოდ, შტატ მისურიში მცხოვრებმა ორმა ჰაკერმა, ექსპერიმენტი ჩაატარა (რომელზეც დასაწყისში მოვყევით). მათ ინტერნეტით შეძლეს „ჯიპ ჩეროკის“ სისტემაში შეღწევა. ავტომობილს რეპორტიორი, ენდი გრინბერგი მართავდა. ჰაკერები ადვილად ახერხებდნენ ავტომობილის სისტემაში შეღწევას. პირველად მათ კონდიცირების სისტემა ჩართეს გრილ ჰაერზე, შემდეგ სტერეო სისტემაში კენი ვესტის სიმღერა სრული ხმით ჩართეს. ამასთან გრინბერგი ვერანაირად ვერ ახერხებდა ხმის ჩაწევას. მომდევნო „მსხვერპლი“, საქარე შუშის საწმენდი გახდა, რომელმაც თავისით დაიწყო მოქმედბა და თან შუშას საწმენდ სითხეს ასხამდა ისე, რომ წინ რაიმეს დანახვა შეუძლებელი გახდა.

და ეს მხოლოდ მოთელვა იყო. მოულოდნელად, ძრავი ჩაქვრა. მანქანა მაგისტრალის შუა ზოლში გაჩერდა. მოგვიანებით, ძრავი ჩართეს, მაგრამ მუხრუჭებზე გადავიდნენ, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდა. ბოლოს ჰაკერებმა მართვის სისტემას შეუტიეს. ამ ეტაპზე „მხოლოდ“ ის შეძლეს, რომ საჭეს დაბალ სიჩქარეზე და უკუსვლის რეჟიმში აკონტროლებდნენ. მაგრამ თავადვე ამბობენ, რომ „ამ ნაკლის“ გამოსწორებაზე უკვე მუშაობენ.

ისინი ამბობენ, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ავტომობილის გადაადგილების სრული კონტროლი. GPS-ის დახმარებით, ჰაკერებს წინასწარ შეუძლიათ მარშრუტის საბოლოო წერტილის გაგება, ეს კი მისწრება უნდა იყოს დამნაშავეთა სამყაროსთვის. და ამ ყველაფრის საშუალებას, წინა თაობის ავტომობილი იძლევა. ჰაკერები, ჩარლი მილერი და კრის ვალასეკი ამბობენ, რომ ავტომობილის სისტემაში შესვლა შეიძლება როგორც ინფოტაინმენტ სისტემიდან, ან სადიაგნოსტიკო პორტიდან. მათთვის საკმარისია ავტომობილის IP-მისამართის დადგენა და ამის შემდეგ, „მსხვერპლი“ დამუშავებისთვის მზადაა…