ამერიკელი მრბოლი კენ ბლოკი და მისი სარბოლო გუნდი „ჰუნიგან რეისინგი“ ახალ, მერვე Gymkhana-ს გამოუშვებენ. პრემიერამდე სამი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფილმი დუბაიშია გადაღებული.

წინა ფილმი ლოს ანჯელესში გადაიღეს და გასაკვირი არაა, რომ მის პრემიერამდე, კერძო პირების მიერ გადაღებული არაერთი მსტოვრული ვიდეო გავრცელდა. ამჯერად მსგავსი არაფერი მომხდარა. ბლოკმა ბედაური შეიცვალა – Ford Mustang-ის ნაცვლად, ისევ სარბოლო Ford Fiesta ST-ს დაუბრუნდა, რომელიც 650-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი.

პრემიერის წინ, ბლოკმა საკუთარ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბლოკი, მისი ავტომობილი და ფილმში მონაწილე სუპერ ავტომობილები, ჩამავალი მზის ფონზე არიან გადაღებულნი. სუპერ ავტომობილები დუბაის პოლიციის ფორმაში არიან გამოწყობილნი – როგორც ცნობილია, დუბაის პოლიციას არაერთი მსგავსი ავტომობილი ემსახურება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ასევე გადაღებულია 1978 წელს გამოშვებული მეორე თაობის „ფორდ ესკორტ RS“, რომელიც ბლოკმა გასული წლის მიწურულს გვიჩვენა. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს უკანა ამძრავიანი ავტომობილი ფილმში მხოლოდ ეპიზოდში გამოჩნდება.

მსოფლიო პრემიერა იუთუბიზე, 29 თებერვალს გაიმართება.