შვეიცარიელი სტუდენტების მიერ შექმნილი გუნდის, „აკადემიკ მოტორსპორტს კლუბ ციურიხის“ მიერ, კონკურს „ფორმულა სტუდენტისთვის“ შექმნილმა ელექტრულმა სარბოლო ავტომობილმა, აჩქარებაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ფორმულას ტიპის პატარა სარბოლმა ავტომობილმა, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 1.513 წამში შეძლო. წინა რეკორდი 1.779 წამი იყო და ის შტუტგარტის უნვერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ავტომობილს ეკუთვნოდა.

შვეიცარიელი სტუდენტების გუნდი 2006 წელს დაარსდა და მისი პირველი სამი ავტომობილი შიდაწვის ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა შემდეგ ისინი ელექტრული ფორმულების დამზადებაზე გადაერთვნენ. მათი ბოლო ქმნილება, რომლითაც რეკორდე დამყარდა, მეტსახელ Grimsel-ითაც არის ცნობილი.

Grimsel-ი ოთხი პატარა ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 216 ცხენის ძალას და 1700 ნიუტონმეტრს ანიჭებენ. თავად ავტომობილის სტრუქტურა, მეტწილად კარბონის გამოყენებით დამზადდა და ამიტომ, ძალიან მსუბუქია – 172 კილოგრამს იწონის. მისი სიმძლავრის და წონის ფარდობა, ყოველ კილოგრამზე 1.26 ცხენის ძალაა.

სტუდნტებმა თავიანთი ავტომობილისთვის შეიმუშავეს საზრიანი სრულ ამძრავიანი სისტემა, რომელიც ყველა ბორბალს ტრექშნ კონტროლის მეშვეობით მართავს. გარდა ამისა, Grimsel-ი კინეტიკური (მუხრუჭების) ენერგიის აღდგენის სისტემითაც არის აღჭურვილი, რომელსაც ელემენტების ბლოკის ტევადობის დაახლოებით მესამედის შევსების უნარი აქვს.

რეკორდული გარბენი დუბენდორფის სამხედრო ბაზის ასაფრენ ზოლზე ჩატარდა. მას რამდენიმე ექსპერტი დაესწრო, რომლებმაც ოფიციალურად დააფიქსირეს კიდეც გინესის ახალი რეკორდი. გარბენისთვის მხოლოდ 120 მეტრის სიგრძის სწორი მონაკვეთი გამოიყო, თუმცა Grimsel-ს ესეც არ დასჭირდა – 97 კმ/სთ სიჩქარეს 30.5 მეტრში მიაღწია. დადგენილი საერთაშორისო წესის შესაბამისად, ავტომობილმა ორი გარბენი შეასრულა.

Grimsel-მა პირველივე ცდაზე შეძლო შტუტგარტელთა რეკორდის გაუმჯობესება. უკან გზაზე მეორე გარბენის შესრულების წინ კი სტუდენტებმა ტრექშნ კონტროლის პროგრამაში ცვლილება შეიტანეს, რამაც პირველი შედეგის გაუმჯობესების საშუალება მისცა.