საიუბილეოდ საჩუქარი ყველას უყიდია, მაგრამ ისეთ საჩუქარს, როგორიც Google-ის ტოპ მენეჯერმა ბენჯამინ სლოსმა თავისი მეუღლისთვის შეიძინა, ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. მისტერ სლოსი სწრაფი ავტომობილების მოყვარულია. მას ეკუთვნის McLaren P1, Ferrari LaFerrari და სატრეკო Ferrari 599XX. მათგან მესამე, საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინა.

Ferrari-FXX-K-2

სხვათა შორის, სლოსის მეუღლე კრისტინიც სწრაფი და სარბოლო ავტომობილების მოყვარულია და სწორედ ეს გაითვალისწინა ბიზნესმენმა, რომელმაც მისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, Ferrari FXX-K უყიდა, რომლის შეძენის საშუალებაც მხოლოდ ფერარის რჩეულთა შორის რჩეულ კლიენტებს ეძლევათ. საინტერესოა, რომ სლოსმა თავისი მეუღლისთვის განკუთვნილი სატრეკო FXX-K ისევე გააფორმებინა, როგორც თავისი 599XX. ანუ, ავტომობილი არის ყვითელი, მუქი ლურჯის შეხამებით.

სანუკვარი ავტომობილის მისაღებად, ცოლქმარმა მარანელოს მიაშურა, სადაც კრისტინს ავტომობილის ფიორანოს ტრეკზე გაყვანის საშუალებაც მიეცა. და მან წრე წუთსა და 20 წამში გაიარა. ფერარის განცხადებით, ეს დრო ახლოსაა ამ ტრეკზე FXX K-ს რეკორდთან.

Ferrari-FXX-K-1

ცნობისათვის, FXX K ლაფერარის სატრეკო ვერსიაა და აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც 6.3-ლიტრიანი V12-ის გარდა, ელექტრო ძრავიც შედის. სისტემის ჯამური სიმძლავრე 1015 ცხენის ძალაა. ასეთ ავტომობილს ფერარი მხოლოდ 30 ცალს გამოუშვებს, რომელთაგან თითოეული 3 მილიონი დოლარი ღირს. ამასთან, სარბოლო ავტომობილს ფერარი თავის სადგომზე შეინახავს და კლიენტს იქ მიუყვანს, სადაც ის მოისურვებს.