ინტერნეტ გიგანტი Google საკუთარ ბიზნეს მოდელს ცვლის, რაც მისი აქტივების ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, Youtube, საძიებო სისტემა, Gmail-ი და სხვა პროდუქტები ერთ ჯგუფში გაერთიანდება, რომლის სახელადაც Alphabet-ი შეარჩიეს. თუმცა როგორც ირკვევა, სავაჭრო ნიშანი alphabet-ი და დომენი alphabet.com, საავტომობილო კომპანია BMW-ს ეკუთვნის.

ამ სახელით მოქმედბს ბავარიელთა შვილობილი კომპანია, რომელიც ავტომობილების ლიზინგით და მენეჯმენტითაა დაკავებული. ამასთან BMW არც ამ სავაჭრო ნიშნის და არც დომენის გაყიდვას არ აპირებს.

a-z-of-advanced-mobility-solutions-from-alphabet-en-ww

ამჟამად, Alphabet-ის ვებგვერდისთვის, Google დომენ abc.xyz-ს იყენებს. თუმცა მის შეცვლას აპირებს. BMW აცხადებს, რომ მისი შვილობილი კომპანია აქტიურად მუშაობს და მისი ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ მისი გაყიდვა არ იგეგმება. ამასთან, გერმანული კომპანია აღიარებს, რომ Google-ის განზრახვის შესახებ მხოლოდ ორი დღის წინ გაიგო და ამერიკული კომპანიისგან, არც სავაჭრო ნიშნის და არც დომენის თაობაზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

სხვათა შორის, როგორც შეერთებული შტატების პატენტების და სავაჭრო ნიშნების ოფისი აცხადებს, ორ ორგანიზაციას შეუძლია ბრენდების სახელებად ერთიდაიმავე სახელის გამოყენება, თუ ეს მომხმარებლებს შორის გაუგებრობას არ გამოიწვევს. მაგრამ აქ შესაძლოა ერთი წინააღმდეგობა წარმოიქმნას – Google საკუთარი, უპილოტო ავტომობილის გამოშვებას აპირებს. თუმცა ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ სახელ „ალფაბეტს“, თავისი რომელიმე პროდუქტისთვის არ გამოიყენებს.

საინტერესო ფაქტი – როგორც როიტერსი იუწყება, სიტყვა alphabet-ი, მარტო შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა კომბინაციაში, 103 სავაჭრო ნიშანშია გამოყენბული.