იტალიურმა კომპანია Italdesign Guigiaro-მ ჟენევის მოტორ შოუზე ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, GT Zero წარადგინა. ავტომობილის სახელში „ზირო“ ნულოვან გამონაბოლქვზე მიგვანიშნებს. ეს არის ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარის მქონე სპორტული ავტომობილი, რომელიც სამი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – GT Zero ატელიეს პირველი კონცეპტია მას შემდეგ, რაც Italdesign Guigiaro ჯორჯეტო ჯუჯარომ დატოვა.

Italdesign-GT-Zero-2

კონცეპტუალური GT Zero-ს გაბარიტებია: სიგრძე 4918 მილიმეტრი, სიგანე 1974 მილიმეტრი, სიმაღლე 1274 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2875 მილიმეტრია. ავტომობილი სივრცულ სტრუქტურაზეა აწყობილი, მისი ძარის ელემენტები კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. ამის მიუხედავად, ავტომობილი მაინც მძიმეა – 1980 კილოგრამს იწონის. ორიგინალური სტილის და ძალური დანადგარის გარდა, ავტომობილს შასიც უჩვეულო აქვს – მისი ყველა ბორბალი წამყვანიცაა და მართვადიც. წინა ბორბლები 22-დუიმიანია, უკანები კი – 23-დუიმიანი.

Italdesign-GT-Zero-8

სამი ელექტრო ძრავიდან, ორი წინ განლაგდა, ერთი კი – უკან. მათი ჯამური სიმძლავრე 483 ცხენის ძალაა. ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 500 კილომეტრის გავლა შეძლოს. ელემენტების ტიპის შესახებ ატელიეს ჟენევაში არაფერი უთქვამს, თუმცა ის კი გამოაცხადა, რომ ბლოკის 80 პროცენტით დამუხტვას ნახევარი საათი ჰყოფნის. GT Zero-ს მაქსიმალური სიჩქარე, 250 კმ/სთ-ის დონეზეა შეზღუდული.

Italdesign-GT-Zero-9

ინტერიერი სადაა, ანატომიური სავარძლებით და ორი ციფრული ეკრანით. ამათგან ერთი მაჩვენბლების დაფის ადგილზე, საჭის რგოლის უკან მოთავსდა, მეორე კი – ცენტრალურ კონსოლზე და ის ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილია. ეკრანების კონფიგურაცია იცვლება, როცა ავტომობილი სარბოლო რეჟიმ „პისტაზე“ გადადის.

რაც შეეხება დიზაინის, ატელიე განმარტავს, რომ მის დიზაინერებს სურდათ, კონცეპტის გარეგნობაში, ასახულიყო კავშირი ატელიეს მიერ შექმნილ ძველ და ახალ მოდელებს შორის.