ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მოამზადა, რომელიც ამ საქმისთვის სახელმწიფოს მიერ, 5 წელიწადში 265 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. თქმა არ უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას ძალიან გაუხარდება, თუ ქართული ფეხბურთი ფეხზე დადგება და სპორტის ამ სახეობის მოყვარულს ძველებურად ბევრ სიხარულს მოუტანს.

DSCN9852

მაგრამ საფიქრებელია, რომ ასეთი თანხის მხოლოდ სპორტის ერთ სახეობაზე მიმართვა, სხვა სახეობებს, მათ უმეტესობას, უყურადღებოდ დატოვებს. რბოლების მოყვარულებს უდაოდ, ყველაზე მეტად ქართული ავტოსპორტის განვითარება აინტერესებთ, რომელსაც სოლიდური პოტენციალი გააჩნია. გაცილებით ნაკლები თანხის ინვესტირების შემთხვევაშიც კი, მაღალი დონის საერთაშორისო სერიებში, არაერთი ქართველი მრბოლის გაყვანა შეიძლება. თუ რა შეუძლიათ ქართველ მრბოლებს, ამის თვალსაჩინოებისთვის, დათა ქაჯაიას მიღწევებზე თვალის გადავლებაც საკმარისი იქნება.

Disney-Frozen-Fever-Olaf-Birthday-Cake

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, რომელიც მისი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში მუდამ გვერდში უდგას, დათა მომავალი სეზონიდან TCR-ის საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რაც WTCC (ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატი) ხელმისაწვდომ ვარიანტად მოიაზრება და შესაძლოა, მისთვის სერიოზულ ტრამპლინად იქცეს, თუნდაც WTCC-ს, „პორშე“ კაპ-ის ან სხვა მაღალი დონის სერიებისკენ. არადა, ეს გზა მისთვის დაახლოებით ოთხი სეზონით ადრე დაიწყო, როცა რუსთავში საერთაშორისო მოტორპარკი აშენდა (დიდი მადლობა შოთა აფხაზავას) და იქ ქართულმა ავტოსპორტმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

მოდით, თავს ოცნების უფლება მივცეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ ავტოსპორტს სახელმწიფომ იმ თანხის დაახლოებით 1/50 ნაწილი გამოუყო, რასაც ალბათ ფეხბურთს მისცემს. რისი გაკეთება შეიძლება ამ ფულით? რბოლები ისედაც ტარდება და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების უკმარისობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, მაყურებელი ყოველთვის დაძაბული რბოლების მომსწრეა. და ასე იქნება იმ თანხის გარეშეც, რომელზეც „ვოცნებობთ“, ანუ 265 მილიონი ლარის 1/50-ზე, რაც 5.3 მილიონ ლარს შეადგენს.

რაში შეიძლება ამ, არცთუ მცირე თანხის გამოყენება?

დღეს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში ოთხ განსხვავებულ კლასში ტარდება. ესენია: ფორმულა „ალფა“, ლეჯენდსი, ტურინგ ლაითი („ჰონდას“ მონო სერია) და „ბეემვე“ კომპაქტი. სულ ჩემპიონატში 6-7 ეტაპი ტარდება, რაც სრულიად საკმარისია ჩვენს პირობებში, რადგან უფრო მეტს გაცილებით მეტი ფინანსები დასჭირდება, რაც ავტომობილების და მათი მარაგ ნაწილების ცვეთასთანაა დაკავშირებული.

DSCN1550

განსაკუთრებული დაძაბულობით, ყოველთვის ლეჯენდსის კლასის რბოლები გამოირჩევა, სადაც გამარჯვებისთვის ყოველთვის სამი-ოთხი, ხშირად კი უფრო მეტი პილოტი იბრძვის. სამწუხაროდ, ზოგი პილოტი ვერ ახერხებს ყველა ეტაპზე დასწრებას, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგრამ საერთო ჯამში, რბოლები ყოველთვის საინტერესოა. დათა ქაჯაიამ სწორედ ლეჯენდსით დაიწყო თავისი ევროპული გზა და უნდა ითქვას, რომ ეს კლასი საერთაშორისო კარიერის დასაწყებად საუკეთესო ვარიანტია, რადგან ძვირი არ ჯდება.

პილოტებს, რა თქმა უნდა, არ აკლიათ მონდომება – მათთვის კვარცხლბეკზე ადგილის დაკავება და შამპანურის შხაპი ის მოტივაციაა, რომლისთვისაც თავს არ ზოგავენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას რომ სხვა სტიმულიც დაემატოს – საუკეთესოებს მომდევნო სეზონში ევროპულ სერიებში ასპარეზობის საშუალება მიეცეთ. რა სახსრებით? სწორედ აქ გამოგვადგება ის 5.3 მილიონი ლარი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ეს თანხა (რომელიც პირობითადაა აღებული, ზუსტი დაანგარიშების გარეშე) ხუთ წელიწადზე უნდა განაწილდეს. ოღონდ, არათანაბრად. თუ რატომ, ეს ქვემოთ გამოჩნდება.

DSCN2382

დასრულდა სეზონი და ყველა კლასში საუკეთესოები გამოვლინდა. ამის შემდეგ შესაძლებელია ყოველი კლასიდან სამ-სამი საუკეთესოსთვის (სულ 12 შეგროვდება), ისეთი ტურნირის მოწყობა, როგორიც მაგალითად, ჩემპიონთა რბოლაა. ისინი ყველა კლასის ავტომობილებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ამ რბოლების შედეგების შეჯამებით, სამი საუკეთესო აირჩევა, რომლებსაც მომდევნო სეზონში, ლეჯენდსის კლასის ევროპულ სერიებში გავუშვებთ. სწორედ აქ იქნება საჭირო ზემოთ ნახსენები თანხა (5.3 მილიონის ნაწილი). ასეთი სერია შეიძლება იყოს ევროპის ეროვნებათა თასი „ლეჯენდს ქარზ კაპ“, სადაც დათამ თავისი პირველი ორი ევროპული სეზონი ჩაატარა (ორივე მოიგო).

„ლეჯენდს ქარზ კაპზე“ ერთი პილოტის ასპარეზობა სეზონზე (7 ეტაპი) დაახლოებით 30 ათასი ევრო ჯდება. ჩემპიონთა მინი ტურნირის საუკეთესო სამეულის ევროპულ სერიაში გაყვანას დაახლოებით 90 ათასი ევრო დასჭირდება, რასაც დაემატება მგზავრობის და სხვა ხარჯები. სულ დაახლოებით 105 ათასი ევრო, ანუ ახლანდელი კურსით 292 ათასი ლარია.

ევროპულ სერიაში მონაწილეობის პარალელურად, არჩეული სამი პილოტი, საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლებლობის შესაბამისად მიიღებს მონაწილეობას. ევროპაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ამ სამეულიდან საუკეთესო, შემდეგ სეზონზეც დაიბევებს ევროპულ საგზურს. უფრო მეტიც, მისთვის შესაძლებელი იქნება უფრო მაღალი დონის სერიაში, მაგალითად ETCC-ში, ან რომელიმე ქვეყნის (მაგალითად გერმანიის, ან იტალიის) TCR-ში ადგილის შეძენა. ეს დაახლოებით 90-95 ათასი ევრო დაჯდება. მეორე სეზონშიც საქართველოდან სამი პილოტი იმავე პრინციპით შეირჩევა, როგორც პირველ სეზონში. ჯამური ხარჯები დაახლოებით 200 ათას ევროს (დაახლოებით 556 ათასი ლარი) მიაღწევს. ამასთან, მეორე სეზონში ევროპულ ტრასებზე უკვე ოთხი საუკეთესო პილოტი გვეყოლება.

დაახლოებით იმავე პრინციპით გაგრძელდება მუშაობა მესამე, მეოთხე და მეხუთე სეზონებში. ოღონდ, ხარჯები შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ETCC-ში (ან რომელიმე ეროვნულ TCR-ში) მონაწილე ქართველ მრბოლს წარმატებული გამოსვლა ექნება. თუ ასე მოხდა, ის TCR-ის საერთაშორისო სერიაში გადაინაცვლებს (სადაც მომავალი სეზონიდან დათა ქაჯაია იასპარეზებს), მის ადგილს კი ლეჯენდსის ევროპულ სერიაში მოასპარეზე სამეულიდან საუკეთესო დაიკავებს. რა თქმა უნდა, „გადაინაცვლებს“ არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება, რადგან ამისათვის საჭიროა, რომ იქ მონაწილე გუნდებში ვაკანსიები იყოს. თუ არ იქნება, შეიძლება სხვა სერიებზე ფიქრი. მაგალითად, „რენო სპორტ RS 01”, რომელიც 550-ცხენისძალიანი გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილების მონო სერიაა და შესანიშნავი ტრამპლინი შეიძლება გახდეს გამძლეობაზე რბოლების (ლე მანის ტიპის) სხვადასხვა სერიებში გადასასვლელად. ან „პორშეს“ მონო სერია, რომელსაც დაახლოებით იგივე პერსპექტივა აქვს…

ამას დამატებით 160-200 ათასი ევრო დასჭირდება, ანუ ახლანდელი კურსით, დაახლოებით 445-556 ათასი ლარი. ამას დაემატება ის 556 ლარიც, რაც ლეჯენდსში სამი და ETCC (ეროვნულ TCR-ში) ერთი ქართველი პილოტის გაყვანას დასჭირდება. ჯამში თანხა 1.112 მილიონ ლარს მიაღწევს. ანუ, 5 წელზე „გამოყოფილი“ 5.3 მილიონიდან, პირველ სამ სეზონში სულ 1.96 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამაგიეროდ, უკვე მესამე სეზონში, სამ ევროპულ სერიაში ხუთი ქართველი მრბოლი იასპარეზებს! დაახლოებით იგივე პრინციპი შეირჩევიან პილოტები მეოთხე და მეხუთე სეზონებში. და ამისთვის საჭირო თანხა ჯამში 4.184 მილიონ ლარს (რა თქმა უნდა, თუ ლარის კურსი არ დაეცა…) მიაღწევს.

აუცილებელია, რომ ევროპაში მოასპარეზე ქართველ პილოტებს მიეცეთ იმ სპონსორების რეკლამირების უფლება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მათს გამოსვლას უზრუნველყოფენ. ეს საქართველოს ჩემპიონატში სპონსორების მოზიდვას ახალ სტიმულს მისცემს.

ამ უხეში ანგარიშით გამოდის, რომ 5.3 მილიონი ლარიდან, „მხოლოდ“ 4.184 მილიონის ათვისება მოხერხდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენი თანხა საჭირო არაა. პირიქით! აღნიშნული თანხის მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე პილოტების გაყვანას არ უნდა მოხმარდეს. ქართული ავტოსპორტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კარტინგის განვითარება! „აუთვისებელი“ 1.116 მილიონი ლარი, სწორედ ამ საქმეს უნდა მოხმარდეს. საჭირო იქნება კარტოდრომების მოწყობა (რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში), კარტინგის კლუბების დაარსება და მათი უზრუნველყოფა.

საერთაშორისო დონეზე ქართველი მრბოლების ინტენსიური გასვლის შედეგად მივიღებთ იმას, რომ სამი-ოთხი პილოტი მომზადდება, ვთქვათ, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატისთვის. აქ არის სერიები – GTE და LMP2 (მალე LMP3-იც), სადაც გამოცდილი გუნდის ერთი ეკიპაჟის დაქირავებაა შესაძლებელი, რომელსაც მთლიანად ქართველი მრბოლებით დავაკომპლექტებთ! რა თქმა უნდა, ეს იაფი არ ღირს, მაგრამ ლეგენდარულ ლე მანზე ქართული ეკიპაჟის გაყვანა იმის ტოლფასია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს…

დაივიწყეთ ოსტაპ ბენდერი და კვაჭი კვაჭანტირაძე. ეს ის ოცნებაა, რომლის ასრულებაც ქართველ მრბოლებს – არჩილ ბიძინაშვილს, გიორგი ბეჟიტაშვილს, გოგა არჯევანიძეს, დავით კაკაბაძეს, დავით აფციაურს (ყველა ლეჯენდსი), ნიკა ადეიშვილს, შაკო ციხელაშვილს, ირაკლი ჩხეიძეს, ლაშა ნადირაშვილს, სანდრო თავართქილაძეს, ნოდო კოდუას, მევლუდ მელაძეს (ყველა ფორმულა „ალფა“), დავით მენთეშაშვილს, დავით ჩხიკვიშვილს (ტურინგ ლაითი), ვანო მძელურს დიმიტრი ქობულიას, ვასიკო ჭონიშვილს, სანდრო ლომაძეს, ირაკლი კუხიანიძეს (ყველა „ბეემვე“ კომპაქტი) და რა თქმა უნდა, დათა ქაჯაიას შეუძლიათ. მხოლოდ ხელის შეწყობა სჭირდებათ და მალე მათს სახელებს არამარტო საქართველოში გაიგებენ…

SmartBox-Pic-001

რას გამოიწვევს საერთაშორისო ასპარეზზე ქართველების გასვლა? ავტოსპორტით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება, განვითარდება (რა თქმა უნდა, ხელის შეწყობით!) კარტინგი და მოიმატებს საქართველოს ჩემპიონატის დონე, რასაც ყველაზე პოპულარულ სერიებში სულ უფრო მეტი ქართველი მრბოლის გამოჩენა მოჰყვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტოსპორტი ავტოინდუსტრიის უმაღლესი დონეა. თან ქართულ ავტოსპორტში დღეს არაერთი ადამიანია დასაქმებული და გაცილებით მეტის დასაქმებაც შეიძლება…