უახლოეს მომავალში ამერიკული ავტოგიგანტის General Motors–ის სამოდელო რიგი სპორტული ელექტროქარით შეივსება. ამ გადაწყვეტილების თაობაზე კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა თვის დასაწყისში ნაჩვენებ ახალ სარეკლამო რგოლში, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებს ეხებოდა ერთი საინტერესო მოდელი იყო შემჩნეული. შედარებით მოკლე ავტომობილს გრძელი კაპოტი და უკანა საბურავების მასიური თათები ჰქონდა. კულუარული ინფორმაციით, ავტომობილის წარმოება Cadillac–ის მარკით მოხდება.

თუ სპორტული ელექტროქარის გარშემო ინფორმაცია ამ ეტაპზე ბურუსითაა მოცული, საკმაოდ მკაფიოდ არის ცნობილი კომპანიის სამომავლო გეგმები. მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი General Motors–ი, რომლის გაყიდვებმაც შარჩან ოფიციალური მონაცემებით 9,5 მლნ ავტომობილი შეადგინა, მთლიანად ელქტრო ავტომობილების წარმოებაზე აპირებს გადასვლას.

უახლოესი 18 თვის განმავლობაში კომპანია ორ სრულიად ახალი მოდელს წარმოადგენს. 2023 წლისთვის კი კონცერნის სამოდელო რიგში უკვე  20 ელექტრომობილი იქნება წარმოდგენილი. წარმოების ტემპი და მოცულობა ბაზრის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

ელექტრომობილების განვითარების პროგრამის ანონსის ფარგლებში General Motors–მა უნივერსალური და ამ ეტაპზე კონცეპტუალური შასი Surus–ი წარმოადგინა. ორი ელექტროძრავით აღჭურვილი მოდელი, მსუბუქი და საშუალო ტვირთამწეობის პიკაპებისთვის და სატვირთო ავტომობილებისთვის ერთიანი და უნივერსალური შასი გახდება. შეიცვლება მხოლოდ ელექტროძრავების სიმძლავრე და შასიზე ზემოდან დასადგამი ძარას ტიპი.

General Motors–ის გარდა, არც ისე დიდი ხნის წინ მთლიანად ელექტრომობილების წამოებაზე გადასვლის შესახებ განცხადება Volvo–მაც გააკეთა. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი და ქვეყანა ელექტრომობილების მომხრე ხდება. დღევანდელი მდგომარეობით დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა, ნორვეგიამ და საფრანგეთმა გამოაცხადეს მზაობა შიდაწვის ძრავიან ავტომობილების გაყიდვის შესაძლო აკრძალვის განხილვის თაობაზე.