ფორმულა 1-ის ავტომობილები ყოველთვის გამოირჩეოდნენ გზის საფართან ჩაჭიდების მაღალი დონით, მაგრამ განიერი ბორბლების და უფრო ეფექტური აეროდინამიკის წყალობით, წლევანდელი მანქანები ასფალტს კიდევ უფრო ძლიერად ეკვრიან და თურმე, მის საფარს გვარიანადაც აზიანებენ. როგორც ამერიკულ გუნდ Haas-ის ფრანგი პილოტი რომენ გროჟანი ირწმუნება, ახალი მანქანით სწრაფ მოსახვევებში ცენტრიდანული გადატვირთვა 8g-საც კი აღწევს!

მანქანას წარმოუდგენლად ძლიერი ჩაჭიდება უნდა ჰქონდეს, რომ ასეთი გადატვირთვის დროს, მოსახვევში „ჩაეტიოს“. ცალკე თემაა პილოტების მომზადების დონე, რომელთა კისრებიც ასეთ სიმძიმეს უძლებენ. ასეთ პირობებში თურმე ყველაზე მეტად, გზის საფარი ზიანდება და ამას მოტო GP-ს მრბოლები აღნიშნავენ. ისინი ამბობენ, რომ ტრასებზე, სადაც უკვე ჩატარდა ფ1-ის რბოლა, ასფალტი დაზიანებულია და ამას სარბოლო ავტომობილების ძლიერი ჩაჭიდება იწვევს.

მოტო GP-ს გუნდ LCR Honda-ს ბრიტანელი მრბოლი კალ ქრუჩლოუ ამბობს, რომ მისი აზრით, ფ1-ის მანქანები სარბოლო ტრასების ზედაპის აზიანებენ: „პრობლემა ისაა, რომ როცა ჩვენ ერთ ტრასაზე გვიწევს გამოსვლა და ფ1 უკვე ნამყოფია ტრასაზე, იქ გზის დაბორცვილი ზედაპირები გვხვდება. შპილბერგის ტრასა საშინელება იყო. იქაურ სწორ მონაკვეთებზე მოტოციკლი ისე ვიბრირებს და ხტუნავს, ამის წარმოდგენაც შეუძლებელია. იქ ტრასა იმაზე ცუდ დღეში დაგვხვდა, ვიდრე გასულ სეზონში. ეს იმის გამოა, რომ მანქანები ასფალტს წარმოუდგენელი ძალით აწვებიან“.

მას ეთანხმება ესპანელი დანი პედროსა: „გასულ სეზონთან შედარებით, ტრასები გაცილებით უსწორმასწოროა. ამიტომ ვითხოვთ, რომ მათზე ასფალტი გადააგონ. სილვერსტოუნი შესანიშნავი ტრასაა, მაგრამ თუ აქ გაგრძელებას ვაპირებთ, ასფალტი თავიდან არის დასაგები, რადგან ის საშინლად დაზიანებულია“.

შპილბერგის (ავსტრია) და სილვერსტოუნის (ბრიტანეთი) გარდა, ყველაზე მეტად დაზიანებულია ბარსელონას (ესპანეთი), ოსტინის (აშშ) და სეპანგის (მალაიზია) ტრასები. ყველა მათგანზე ფ1-ის და მოტო GP-ის რბოლები ტარდება. თუმცა ამ სიას მალე მალაიზიური გამოაკლდება, რადგან მომავალი სეზონიდან იქ ფ1-ის რბოლები აღარ ჩატარდება.

ახალი რეგლამენტი, სარბოლო ავტომობილების აეროდინამიკის და ძრავების კიდევ უფრო დახვეწის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანების ჩაჭიდების ძალა გაიზრდება და შესაბამისად, ისინი უფრო ძლიერ დააზიანებენ ტრასების გზის საფარს. ასე გაგრძელდება 2021 წლამდე როცა ძალაში ძრავების ახალი რეგლამენტი შევა.