ამერიკულმა გამოცემა „როუდ ენდ ტრეკმა“, წლის სპორტულ ავტომობილად „ფორდ მუსტანგ შელბი GT350R“ დაასახელა. თავისი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავის 526 ცხენის ძალით, ეს ავტომობილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ ჟურნალის კონკურსის ფინალისტთა შორის, სიის შუაში აღმოჩნდა. და მაინც, შედარებით ხელმისაწვდომი ფასით და ბევრი პარამეტრის საშუალეო მაჩვენებლებით, მაინც ყველა კონკურენტი დაჩრდილა და პოპულარული გამოცემის აღიარებაც დამსახურებულად მოიპოვა.

არადა, „როუდ ენდ ტრეკის“ კონკურსში გამორჩეულმა ავტომობილებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყო: „ბენტლი კონტინენტალ GT3-R“, „კადილაკ ATS-V კუპე“, „შევროლე კორვეტ Z06“, „დოჯ ვაიპერ ACR“, „მერსედეს-AMG GT S“, „პორშე კაიმან GT4“. კონკურსანტებს შორის ყველაზე ძვირი „ფერარი 488 GTB“ იყო, რომელიც 347 942 დლარი ღირს და დაახლოებით ხუთჯერ ძვირია ყველაზე გამორჩეულ „სტანგზე“. თუმცა, ჟიურის წევრებისთვის, თვის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ფასი ნამდვილად არ იყო.

road-and-track-2016-performance-car-of-the-year-002-1

ჟიურიმ კონკურსში მონაწილე ავტომობილები ჯერ გზებზე ატარა, შემდეგ სარბოლო ტრეკზე და ყველა სპორტულ ვითარებაში „გაწურა“, შემდეგ კი მათ „კორვეტის ეროვნული მუზეუმის მოტორსპორტულ პარკში“ მოუყარა თავი. იქ კი „მუსტანგმა“ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად „იგრძნო თავი“.

ჟიურიმ განსაკუთრებით გამოჰყო ამ ავტომობილის ძრავი, რომელიც მუშა მოცულობის ყოველ ლიტრზე, თითქმის 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამით კი ნებისმიერი სუპერ ავტომობილი იამაყებდა. რეალურად, ეს არის სარბოლო ტექნოლოგიებით შექმნილი ძრავი, თუმცა ეს გარემოება ავტომობილის ფასზე თითქმის არ აისახა.ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთი ღირსება, რომელიც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ლარი ვებსტერმა აღნიშნა, „შელბი GT350R“ ხელმისაწვდომობითაც გამოირჩევა.

ცნობისათვის, „როუდ ენდ ტრეკის“ წლის სპორტული ავტომობილის წოდება შარშან „პორშე 911 GT3-მა“ მოიპოვა, ერთი წლით ადრე კი გამარჯვებული „კორვეტი“ გახდა.