Ford Mustang-ი შარშან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორეის გერმანიაშიც, ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილი გახდა და ალბათ ამ წოდებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს, რადგან ამერიკულმა კომპანიამ ის საფუძვლიანად განაახლა, რის შემდეგაც, პონი მყიდველისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

და აი, ამერიკაში დებიუტის შემდეგ, განახლებული Mustang-ი ევროპასაც ეწვია, სადაც მისი პირველი ჩვენება ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა. გარეგნულად ის ისევე გამოიყურება, როგორც ამერიკული ვერსია. ამასთან, ევროპულ ფერთა გამაში სამი ახალი ფერი – ლურჯი, ფორთოხლისფერი და ჟოლოსფერი დაემატა.

მთავარი სიახლეები ძრავების გამაშია. მოდფიკაცია ჩაუტარდა 5.0-ლიტრიან V8-ს, რომელიც 40 ცხენის ძალით გაძლიერდა და ახლა უკვე 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავს მაღალი და დაბალი წნევის შეფრქვევის სისტემები ემსახურება, რომელთაგან პირველი საწვავ ნარევს პირდაპირ წვის კამერაში აფრქვევს, მეორე კი – შემშვებ კოლექტორში.

განახლდა 2.3-ლიტრიანი ეკობუსტიც, ოღონდ მისი სიმძლავრე 317-დან 290 ცხენის ძალამდე შეამცირეს. ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა შემცირებულიყო. იმავდროულად, Ford-ი აცხადებს, რომ ძრავის დასუსტების მიუხედავად, მისით აღჭურვილი სტანგის დინამიკური მახასიათებლები არ შეცვლილა. სამაგიეროდ, ამ ძრავით, ავტომობილის გამონაბოლქვი ევრო 6.2 სტანდარტს შეესაბამება.

გარდა ამისა, მოდიფიკაცია ჩაუტარდა 6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და მყიდველს ამიერიდან 10-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ. ცისფერ ოვალი ამ ეტაპზე ახალი Mustang-ის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს.

სიახლეებია „მუსტანგის“ მართვის რეჟიმებშიც, რომლებსაც სამი ახალი რეჟიმი დაემატა. ესენია: დრეგ სტრიპი, მაი მოუდ და გუდ ნეიბორ. პირველი სწრაფად დაძვრისთვის არის, მეორე ავტომობილის ინდივიდუალურად მომართვაში გეხმარებათ, მესამე კი იმისთვისაა, რომ დასახლებულ პუნქტებში ძრავმა ძალიან არ იხმაუროს და მაცხოვრებლები არ შეაწუხოს.

Ford-ი განახლებულ Mustang-ზე ევროპაში შეკვეთების მიღებას მალე დაიწყებს.