ახალი მუსტანგი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს. უფრო სწორედ, ცათამბჯენების. მან უკვე „მოიარა“ ნიუ იორკის სიმბოლო – ემპაიერ სტეიტ ბილდინგი, შემდეგი ვიზიტი კი მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენზე, დუბაის ბურჟ ხალიფაზე შეასრულა. და ეს ვიზიტი, „ფორდის“ ახალი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დივიზიონის ინაუგურაციას დაემთხვა.

ემპაიერზე ასვლის წინ, „მუსტანგი“ სპეციალურად მოამზადეს. ის ექვს ძირითად ნაწილად დაიშალა, რათა ლიფტში მისი შეტანა ყოფილიყო შესაძლებელი. ცისფერმა ოვალმა სწორედ ეს ეგზემპლარი გამოიყენა ბურჟ ხალიფაზე ასატანადაც. ამისათვის, დუბაიში ავტომობილის აწყობაზე სპეციალიზებული ექვსი ინჟინერიც ჩაიყვანა. პირველ ეტაპზე, ცათამბჯენის ჰოლში, ავტომობილი ექვს სექციად დაიშალა. ლიფტების დახმარებით, ეს სექციები 112-ე სართულზე აიტანეს, რომელიც მიწის ზედაპირიდან 399 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მათ ასაწყობად, იმავე გუნდს დაახლოებით 12 საათი დასჭირდა.

„დაახლოებით 50 წლის წინათ, „ფორდმა“ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა 1965 წლის „მუსტანგი“ მსოფლიოს იმ დროის უმაღლესი ცათამბჯენის, ემპაიერ სტეიტ ბილდინგის გადმოსახედ პლატფორმაზე აიტანა. ამჟამად მსოფლიოს უმაღლესი შენობა დუბაიში მდებარეობს და „მუსტანგმა“ მასზე ასასვლელად, არაჩვეულებრივი მოგზაურობა მოაწყო“, – ამბობს „ფორდის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ბილ ფორდი (ფოტოზე ახალ მუსტანგთან ერთად).

სწორედ დუბაიში განთავსდა ცისფერი ოვალის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დივიზიონის შტაბ-ბინა. ამერიკული კომპანია ამ რეგიონში მალე 25 ახალი ავტომობილის შეტანს აპირებს და მათ შორის პირველი სწორედ ახალი „მუსტანგი“ იქნება. მისი პრემიერა იქ მომავალ წელს გაიმართება.

ეს დივიზიონი ახალი ჩამოყალიბებულია და ის ჩრდილოეთ აფრიკის, საჰარის სამხრეთის რეგიონის, სამხრეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 67 ქვეყანას აერთიანებს. ცნობისათვის, აფრიკისა და ახლოს აღმოსავლეთის რეგიონში 2020 წლამდე ახალი ავტომობილების გაყიდვები 40 პროცენტით, 5.5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.