ახალი „ფორდ მუსტანგი“, ბაზარზე გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა ჰიტი. ეს პირველი „მუსტანგია“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. და თავის წინამორბედებზე მეტი პოპულარობა გარანტირებული აქვს. თუმცა ცისფერი ოვალი მის იმიჯიზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს.

ამჯერად, „ფორდმა“ ამ ავტომობილის ერთჯერადი სპეც ვერსია – „მუსტანგ აპოლო“ შეიმუშავა, რომელიც აშშ-ის კოსმოსურ პროგრამა „აპოლოს“ მიუძღვნა. და მას აუქციონზე გაჰყიდის, რომლიდან მიღებულ ფულსაც, ექსპერიმენტული საავიაციო ასოციაციის ახალგაზრდა პილოტების (ახალგაზრდა არწივების) პროგრამას გადაურიცხავს.

ერთჯერადი ავტომობილი, შავი და თეთრი ფერების კომბინაციითაა გაწყობილი, რასაც ცისფერი ოვალი სერიულ ვერსიაზე არ იყენებს. გაფორმების სქემა, პროექტ „აპოლოს“ სტილშია შესრულებული. რა თქმა უნდა, პროექტის ლოგოს და წარწერებს ყველგან ნახავთ. სალონშიც „აპოლოს“ თემა დომინირებს. იქ ვერ ნახავთ უკანა სავარძელს, რომლის ადგილიც დაფა მოთავსდა, რომელსაც „აპოლოს“ პროგრამის ემბლემა და მის გარშემო კი ცალკეული მისიების ემბლემები ამშვენებს. ასევე შეიცვალა მაჩვენებლების დაფა და სავარძლები.

ექსტერიერში, გაფორმების გარდა, ყველაზე მეტად ყურადღებას დიდი ზომის სპლიტერი და უკანა დიფუზორი იქცევს, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. ავტომობილის ძირზე შუქდიოდური განათების ბლოკი განლაგდა, რომელიც „მუსტანგს“ გზის საფარზე აპროეცირებს. ამგვარად, დიზაინის ავტორებმა, კოსმოსური ხომალდის ატმოსფეროში შემოსვლის სიმბოლიზება შეასრულეს. „მუსტანგ აპოლო“ კომპანია „ფორჯატოს“ ორიგნალურ 21-დუიმიან ბორბლებზე დგას.

დაბოლოს ძრავი. ის ისევ 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატია, ოღონდ აღჭურვილია „კოიოტის“ წარმოების მექანიკური დამჭირხნით. ის „ფორდ პერფორმენსმა“ მოამზადა. ძრავი 627 ცხენის ძალას და 732 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სპეც ავტომობილის შენელებას „ბრემბოს“ ექვსცილინდრიანი მუხრუჭები უზრუნველყოფს. საკიდარი კი დადაბლებულია.