დიზაინერებს ნავთობკომპანია „გალფის“ ლურჯ-ნარინჯისფერი ფორმა არაერთი ავტომობილისთვის ჩაუცვამთ. იქნებოდა ეს სუპერ ავტომობილი „მაკლარენ P1“, თუ ჯუჯა „ტატა ნანო“. და რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნებოდა, რომ ამავე ფორმაში „ფორდის“ უახლესი GT არ გვენახა. ამ ავტომობილის პირველ თაობას (GT40-ს) ხომ ლე მანის რბოლა ორჯერ სწორედ „გალფის“ ფერებში აქვს მოგებული.

გამოცემა „ტოპ გიარის“ ინტერნეტ დიზაინის სპეცალისტმა იონ სიბალმა, ახალ ავტომობილს სწორედ ეს ძველი, ტრიუმფალური გაფორმება დაუბრუნა. „გალფის“ ფერებმა კი რა თქმა უნდა, ძველი გამარჯვებები გაგვახსენა. სხვათა შორის, სწორდ ლე მანზე მოპოვებულ პირველ გამარჯვების 50 წლის იუბილეს დაუკავშირდა ახალი GT-ს ბაზარზე გამოსვლა.

საქმე ისაა, რომ სუპერ ავტომობილის მიწოდება მომავალ წელს დაიწყება, პირველი დიდი გამარჯვება კი (ოღონდ გალფის ფერებში არა) GT40-მა 1966 წელს მოიპოვა. აქედან მოყოლებული, „ფორდმა“ ლე მანი კიდევ სამჯერ დაიპყრო, ბოლო ორ შემთხვევაში კი გუნდ „ჯონ უეირ ავტომოტივს“, რომელიც სარტეს ტრეკზე საასპარეზოდ „ფორდის“ სუპერ ავტომობილით გამოვიდა, სწორედ „გალფი“ სპონსორობდა. „გალფის“ ფერებში GT40-ს ასევე სპას 1000-კილომეტრიანი და სებრინგის 12-საათიანი რბოლები აქვს მოგებული.

მოკლედ, ყველა მიზეზი არსებობდა იმისათვის, რომ სიბალს ახალი GT ძველი დიდების ფერებში შეემოსა. სხვათა შორის, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ამ ავტომობილის სარბოლო ვერსიამ, მომავალ სეზონში, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატსა და მათ შორის, ლე მანის რბოლაშიც მიიღოს მონაწილეობა…