ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი არცთუ წარმატებული ბიზნესმენია. მან შაქრის, ყავის და სიგარების წარმოებაში სცადა ბედი, მაგრამ არცთუ წარმატებით. მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის იმაში, რომ ახალ საქმეებს მოეკიდოს. ახლახანს მან საკუთარი გვარი მისცა სუპერ ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას, რომლის პირველი პროდუქტის დებიუტიც ჟენევის მოტორ შოუზე შედგა.

Fittipaldi EF7 Vision Gran Turismo – ასე ჰქვია ამ შესანიშნავ ავტომობილს, რომლის დიზაინიც თვით Pininfarina-მ შეიმუშავა. საინჟინრო სამუშაოები გერმანულმა HWA-მ შეასრულა, რომელიც ცნობილია იმით, რომ Mercedes-ის ავტომობილებს DTM-ის სარბოლო სერიისთვის ამზადებს და Mercedes-AMG-ს პროექტებშიც მონაწილეობს. ძრავიც HWA-ს მიერ არის მომზადებული.

ავტომობილი უბადლო სტილით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, Ferrari-ს სტილს მოგაგონებთ, თუმცა ეს არცაა გასაკვირი – Pininfarina-ს ხომ ათწლეულების განმავლობაში, მარანელოელთათვის არაერთი შედევრი შეუქმნია. Fittipaldi EF7 Vision Gran Turismo-ს დახვეწილი აეროდინამიკური ფორმები აქვს, რომლებიც ბორბლების გზასთან კარგ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს.

სუპერ ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურაზეა აგებული და ძარის პანელებიც კარბონის აქვს. ამის წყალობით, ძალიან მსუბუქი გამოვიდა – დაახლოებით 1 000 კილოგრამს იწონის. შედარებისთვის, ეს მისივე ზომის Ferrari 488-ის წონაზე დაახლოებით მესამედით ნაკლებია. სიმსუბუქესთან ერთად, კარბონისგან დამზადებული მზიდი სტრუქტურა, სიმტკიცით და გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობით გამოირჩევა. და რაც მთავარია, შეჯახების შემთხვევაში, სალონში მყოფთა უსაფრთხოებას მაქსიმალურად იცავს.

ავტომობილი 4.8-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით არის აღჭურვილი. ძრაგვის ბრუნთა რიცხვების მაქსიმუმი 9 000 ბრუნია წუთში. ის 600 ცხენის ძალას და 420 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც ბორბლებს მამოძრავებელ ძალას გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის გავლით აწვდის.

საკიდარიც სარბოლო ტიპისაა. ის ბორბლებს ორმაგი ჩანგლისებრი და რხევების გადამცემი ბერკეტებით უკავშირდება. დრეკად ელემენტებს ამორტიზატორის და ზამბარის წყვილები წარმოადგენს. ავტომობილის გზის საფარიდან დაშორება სულ რაღაც, 50 მილიმეტრია. EF7-ის შენელებას არა კარბონ-კერამიკული, არამედ ფოლადის დისკების მქონე მუხრუჭები უზრუნველყოფს. ფოლადზე არჩევანი იმ მარტივი მიზეზის გამო გაკეთდა, რომ ასეთი მუხრუჭები გაცილებით იაფია კარბონ-კერამიკულზე.

Fittipaldi Motors-ის პირველი ავტომობილი ჯერ PlayStation4-ის პოპულარულ ვიდეოთამაშ Gran Turismo-ში გამოჩნდება, რეალური ავტომობილი კი მხოლოდ შეკვეთებით დამზადდება. ფასი ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, ავტომობილი ძალიან ძვირი ეღირება. ავტომობილი ტრეკისთვის არის განკუთვნილი და ფიტიპალდი მყიდველს სატრეკო დღეების მოწყობას და ტრენინგს შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ინსტრუქტაჟს თავად ჩაატარებს – ლეგენდარულ მრბოლთან ურთიერთობა, მყიდველს მოიზიდავს. მომავალში Fittipaldi Motors-ი EF7-ის საგზაო ვერსიასაც გამოუშვებს.