ლას ვეგასის საყიფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), უახლესმა საავტომობილო კომპანიამ, სახელად Faraday Future, თავისი პირველი კონცეპტუალური ელექტრომობილი FFZERO1 წარადგინა. პრეზენტაციამდე ბევრი ელოდა, რომ „ფარადეი“, რომელიც Tesla-ს მომავალ კონკურენტად მოიაზრება, Model S-ის ან Model X-ის მომავალ კონკურენტს, კონცეპტუალური სახით გვიჩვენებდა. თუმცა, რეალურად სულ სხვა რამის მომსწრენი გავხდით – FFZERO1 სუპერ ავტომობილის ფორმაში გამოწყობილი ექსპერიმენტული ავტომობილი-ლაბორატორიაა, რომლის დანიშნულებაც, ეფექტური საინჟინრო და დიზაინის გადაწყვეტების ძიებაა.

თავისი გარეგნობით, ამ ავტომობილმა შეიძლება ვირტუალურ თამაშ „გრან ტურიზმოს“ მონაწილე სუპერ ავტომობილი გაგახსენოთ. მაგრამ „ფარადეის“ კონცეპტს ამ თამაშთან, ჯერჯერობით მაინც, შეხება არ აქვს. თან ის არის მოქმედ ავტომობილი და აღჭურვილია მოწინავე ძალური დანადგარით.

Faraday Future EV concept

Faraday Future EV concept

Faraday Future ამაყად აცხადებს, რომ თავისი კონცეპტი შექმნა იმისათვის, რომ ადამიანებს გადაადგილების მომავლის საშუალება გააცნოს. პროექტში მონაწილეობა არაერთმა დიდმა კომპანიამ მიიღო, რომელთა შორისაცაა ჩინური გიგანტი Netflix of China. და რაც მთავარია, კონცეპტი არ დარჩება განუხორციელებელი – „ფარადეი“ და მისი ჩინელი პარტნიორი, ამ და სხვა ავტომობილების მასობრივად წარმოებას გეგმავენ.

Faraday Future სულ რაღაც, 18 თვის წინათ შეიქმნა და მისი თანამშრომლების რიცხვმა უკვე 750-ს მიაღწია. ამერიკულ-ჩინური კომპანია გვპირდება, რომ პირველ სერიულ ავტომობილს ორ წელიწადში გამოუშვებს. მისმა ინჟინრებმა უკვე შეიმუშავეს მოდულური პლატფორმა, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებზეა გათვლილი. პლატფორმას „ცვალებადი პლატფორმის არქიტექტურა“ (VPA) ეწოდა. მისი სტრუქტურა ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე ელექტრო ძრავით აღჭურვას. ამასთან, ის შეიძლება იყოს როგორც სრულ, ასევე წინა და უკანა ამძრავიანი.

Faraday Future EV concept

Faraday Future EV concept

რაც შეეხება უშუალოდ კონცეპტ FFZERO1-ს, ის აღჭურვილია ეგრეთ წოდებული „კვად დრაივ“ სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ბორბალს „თავისი“ ელექტრო ძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას აღწევს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ სუპერ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე, სამ წამზე ნაკლებში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. და თუ ესეც არაა საკმარისი, ავტომობილს ავტონომიურ რეჟიმში მოძრაობის ფუნქციაც გააჩნია.

რაც შეეხება დიზაინს, პირველ რიგში იმის ხაზგასმა ღირს, რომ დამწყები კომპანიებისგან მსგავსი თამამი გადაწყვეტები იშვიათია. მასში შეხამებულია LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპების აეროდინამიკის ელემენტები და ერთადგილიანი კოკპიტი, რითაც მხოლოდ „ლამბორგინის“ ერთჯერად სუპერ ავტომობილ „ეგოისტას“ თუ გაგახსენებთ. საინტერესოა ისიც, რომ მძღოლის (პილოტის) სამუშაო ადგილი 45 გრადუსით არის დახრილი, რაც პროექტის ავტორთა თქმით, კომფორტს და რაც მთავარია, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.