ენცო ფერარიზე ჰოლივუდში წელს ორი ფილმის გადაღება იგეგმება. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ უყურადღებოდ არც კომენდატორეს მთავარი კონკურენტი, ოდესღაც მისი თაყვანისმცემელი ფერუჩო ლამბორგინი დარჩება. მითუმეტეს, მის მიერ ავტომობილების წარმოების დაწყებას საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციით არის ცნობილი.

ლამბორგინიზე ფილმს AMBI ჯგუფი გადაიღებს, რომელიც ფილმების წარმოებით და დისტრიბუციით არის დაკავებული. ამ ჯგუფმა მოიპოვა ფერუჩოს ცხოვრებაზე ფილმის გადაღების უფლება და გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს წელსვე შეუდგება. ამ ეტაპზე, ფილმის სახელია „ლამბორგინი – ლეგენდა“. თუმცა ის ალბათ შეიცვლება. ახლავე კი იმის თქმა შეიძლება, რომ ფილმს საინტერესო სიუჟეტი ექნება.

Ferruccio Lamborghini 1

სანმ სპორტული ავტომობილების წარმოებას დაიწყებდა, ფერუჩო ტრაქტორების მწარმოებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ენცო ფერარის, მის ავტომობილებთან დაკავშირებით, რჩევა მისცა. მაგრამ ენცომ უხეშად უპასუხა. ამან კი ფერუჩო ძალიან გააბრაზა და მან მიზნად დაისახა, რომ „ფერარიზე“ უკეთეს ავტომობილებს გამოუშვებდა.

„ფერუჩო ლამბორგინი ნოვატორი ბიზნესმენი იყო, რომელმაც იტალიას სახელი გაუთქვა. მისი დამსახურებაა, რომ იტალიაში წარმოებული პროდუქცია დაფასებულია“, – ამბობს AMBI-ს თანამფლობელი ანდრეა იერვოლინო, ვინც ასევე ფილმის თანაპროდიუსერიც იქნება. რა თქმა უნდა, ის წარმოშობით იტალიელია. ამასთან ცნობილია იმით, რომ არის თანა პროდიუსერი ფილმისა „ვენეციელი ვაჭარი“, რომელშიც ალ პაჩინო თამაშობს.

Ferruccio Lamborghini 2

„ლამბორგინი – ლეგენდას“ ძირითადად იტალიაში გადაიღებენ. მისი ისტორია ფერუჩო ლამბორგინის ცხოვრების შესახებ არაერთ საინტერესო სიუჟეტს მოგვიყვება. სწორედ მისი საშუალებით გაიგებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი ქარხანა სამხედრო ტექნიკას აწარმოებდა. სხვათა შორის, ფილმის კონსულტანტი, ფერუჩოს შვილი, ტორინო იქნება.

ფილმის დახმარებით, კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს შევიტყობთ – ფერუჩო ლამბორგინი თავისი საავტომობილო კომპანიის მფლობელი მხოლოდ 11 წლის განმავლობაში იყო. კომპანია „აუტომობილი ლამბრგინი“ 1963 წელს დააარსა. ფინანსური პრობლემების გამო, 1970 წელს თავისი კომპანიის წილის 51 პროცენტი შვეიცარიელ ბიზნესმენს მიჰყიდა, 1974 წლამდე კი მის ხელთ დარჩენილი წილიც ბოლომდე გაჰყიდა. ფერუჩო ლამბორგინი 1993 წელს გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ფერუჩო ლამბორგინის როლს.