Ferrari დიდხანს ირწმუნებოდა, რომ არ აყვებოდა საყოველთაო ტრენდს და არ დაიწყებდა უგზოობის მოდელის წარმოებას. მაგრამ მუდმივი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა ახალ საქმეს ფული მოაქვს. უგზოობის ავტომობილების პოპულარობა და შესაბამისად, ამ სეგმენტის მომგებიანობა კი მუდმივად იზრდება. და ამან მარანელოელებს, კერძოდ კი მათს შეფ სერჯო მარკიონეს აზრი შეაცვლევინა.

CNBC-სთან საუბრისას, მარკიონემ განმარტა, თუ რა არის მისი კომპანიის ენაზე უგზოობის ავტომობილი და ელექტრიფიკაცია. და მან ისიც აღიარა, რომ Ferrari უგზოობის მოდელზე (რომლის კოდური სახელიცაა F16X) აუჩქარებლად, მაგრამ მუშაობს.

რა თქმა უნდა, ამ სიახლეს Ferrari-ს თაყვანისმცემლები არ მოიწონებენ. მაგრამ მათთვის უფრო საინტერესო ის ავტომობილებია, რომლების ადგილიც კოლექციონართა გარაჟებშია. მაგალითად, კლასიკური 250 GTO და თანამედროვე LaFerrari. სხვათა შორის, მარკიონე ახალ ტერმინს – ფერარი უტილიტი ვიიქლს (FUV) გვთავაზობს და თავისი კომპანიის მომავალ სიახლესაც ასე მოიხსენიებს.

მარკიონე დასძენს, რომ F16X შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და შესაბამისად, მომავალ მყიდველს ექსკლუზიურობით მოხიბლავს. ის ბაზარზე სამ წელიწადში გამოვა. მისი წარმოების დაწყების შემდეგ, იტალიური კომპანია მოგების გაორმაგებას იმედოვნებს. სწორედ მაღალი მოგების მიღებაა ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, Ferrari-მ უგზოობის მოდელის წარმოება გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე, F16X-ის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მას GTC4Lusso T-ს მოდიფიცირებულ პლატფორმაზე დააფუძნებენ. ავტომობილი ბენზინ-ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება და სრულ ამძრავიანი იქნება.