როგორც მოსალოდნელი იყო, Ferrari თავის მესამე თემატურ პარკს ჩინეთში ააგებს. ამასთან დაკავშირებით, მარანელოელებმა წინასწარი, არავალდებულებითი ხელშეკრულება გააფორმეს ჩინურ სახელმწიფო საავტომობილო კომპანია BAIC-თან. ჯერჯერობით, ადგილი შერჩეული არაა, თუმცა მხარეებმა განაცხადეს, რომ პარკი რომელიმე „მთავარ ქალაქში“ აშენდება.

ამჟამად იტალიურ კომპანიას მთელს მსოფლიოში მხოლოდ ორი თემატური პარკი აქვს, რომლებიც ვიზიტორებს უამრავ გასართობს და Ferrari-სთან დაკავშირებული ატრაქციონებით სარგებლობას სთავაზობს. მათგან პირველი აბუ დაბიში გაიხსნა (ფერარი ვორლდ) და ის ფორმულა 1-ის რბოლებისთვის აგებულ ტრეკ „იას მარინას“ გვერდით მდებარეობს. მეორე კი ქალაქ ბარსელონაში (ფერარი ლენდ) მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ Ferrari პირველი ორი პარკის ძირითადი მფლობელი და ოპერატორი არ არის. ორივე პარკს სხვა მფლობელები ჰყავს, რომლებმაც იტალიური კომპანიისგან ლიცენზია შეიძინეს. ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა მარანელოელები ჩინური პარკის თანამფლობელები, თუ ამჯერადაც ლიცენზიის გაყიდვას დასჯერდებიან.

ცნობისათვის, საკუთარი ბრენდის ლიცენზირებით, „ფერარი“ სოლიდურ შემოსავალს ღებულობს. ეს იმ ფონზე, რომ კომპანიას ავტომობილების წარმოება განზრახ შეზღუდული აქვს, რათა ამით საკუთარი პროდუქციის ექსკლუზიურობის ეფექტი შეინარჩუნოს.