ბრიტანელი პროფესიონალი გოლფმენი იან პოულტერი, წელს თავის საუკეთესო სეზონს არ ატარებს „ფედექსის“ თასზე. მისი საპრიზო მონაგარი ამ ეტაპზე მხოლოდ 1.6 მილიონი დოლარია. მაგრამ ახლახანს მოხდა ისეთი რამ, რაც მას წარუმატებლობებს დროებით მაინც დაავიწყებს. მის გარაჟს ახლახანს Ferrari LaFerrari დაემატა, ავტომობილი, რომელიც ადამიანს ალბათ ნებისმიერ მარცხს დაავიწყებს.

ამ ავტომობილის შეძენის მსურველებს, მარანელოელებმა თავიდანვე ერთი პირობა დაუყენეს – მათ მანამდე მინიმუმ „ფერარის“ ხუთი ავტომობილი მაინც უნდა ჰქონოდათ შეძენილი. პოულტერის ფარეხში ხუთზე მეტი „ფერარი“ დგას. რაც მთავარია, ხუთი მათგანი, მარანელოელთა მიერ გამოშვებული ხუთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. 288 GTO, F40, F50, Enzo, და ბოლოს LaFerrari. ამ ფოტოზე, რომელიც 39 წლის პოულტერმა გამოაქვეყნა, ისინი გოლფმენის ფლორიდული ვილის წინ დგანან.

თურმე პოულტერამდე „ლაფერარის“ მფლობელთა ელიტურ ლიგას როკმენი სემი ჰაგარი შეუერთდა, რომელმაც რატომღაც კაპუჩინოს (ფერარისთვის იშვიათია) ფერში შეღებილი ავტომობილი შეუკვეთა. პოულტერის ეგზემპლარი კი ტრადიციული წითელია. როგორც ფოტოზეც ჩანს, მისი ხუთივე სუპერ „ფერარი“ წითელი ფერისაა.

511436

შეგახსენებთ, რომ „ლაფერარი“ ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილია „ფერარის“ ისტორიაში. და ის ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. მასში შედს 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი და სისტემა კერს-ი, რომლებიც ჯამში 963 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს იძლევა. გარდა იმისა, რომ ეს აგრეგატი ყველაზე მძლავრია „ფერარის“ ისტორიაში, საწვავსაც წინამორბედთან შედარებით, დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებს მოიხმარს.