ასეც ხდება – ადამიანმა „ფერარისგან“ მისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის, „ლაფერარის“ ყიდვის უფლება მიიღო, მაგრამ შოურუმიდან თავისი ავტომობილის გაყვანას არ ჩქარობს. არ ჩქარობს კი არა, ერთი წელია, ეს ავტომობილი შოურუმს ამშვენებს, რითაც ძალიან ახარებს მის პატრონს, რადგან მისი შემხედვარე, იქაურობას ბევრი ადამიანი სტუმრობს.

სადილერო კომპანიას, რომლის სალონშიც ეს იშვიათი ეგზემპლარი დგას, „მერიდიენ მოდენა“ ჰქვია. მან კლიენტის კუთვნილი „ფერარი ლაფერარი“ გასული წლის ოქტომბერში მიიღო. მაგრამ მფლობელმა გადაწყვიტა, რომ თავისი ძვირფასი სათამაშო ხელუხლებლად დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, ავტომობილი მას ეკუთვნის, მაგრამ ოდომეტრზე კვლავაც ნულები წერია. დილერსაც ასეთი სიტუაცია აწყობს.

რად უნდა მფლობელს, რომლის ვინაობაც უცნობია, ასეთი ძვირფასი სათამაშო, თუ მისგან ადრენალინის დოზას ერთხელაც არ მიიღებს? ამ 950-ცხენისძალიან ჰიბრიდულ კვიცს ხომ მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი შენატრის? ორი ვარიანტია: ის ან ფეტიშ-კოლექციონერია, ან გადამყიდველი.

პირველი ტიპის ავტომოყვარულებს ხშირად იმის დროც კი არ რჩებათ, რომ თავიანთი სანუკვარი ავტომობილი თუნდაც უქმეებზე გამოიყვანონ სადგომიდან ადრენალინის ის პორცია მიიღონ, რაც მილიონზე მეტი დაუჯდათ. მაგრამ ასეთები პერიოდულად მაინც ახერხებენ თავის ოთხბორბლიან მეგობართან განმარტოებას. ისინი დილერთან თავის ავტომობილს არ დატოვებენ! სადგომი თავადაც აქვთ და იქ არაერთი სუპერ ავტომობილის ხილვა შეიძლება.

მეორე შემთხვევაში, მფლობელი თავის ავტომობილს აძველებს. მართალია, მეორად ბაზარზე მყიდველი ოდომეტრს ნკლებად აქცევს ყურადღებას, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად გადამყიდველს ნულოვანი გარბენის შენარჩუნება სურს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ასეთი „ლაფერარი“ ახლახანს 5 მილიონ დოლარად, ანუ თავის ფასზე თითქმის სამჯერ ძვირად გაიყიდა! ეს არაა გასაკვირი, რადგან თავიანთი მორიგი სიამაყის ექსკლუზიურობის შესანარჩუნებლად, მარანელოელებმა „ლაფერარის“ ტირაჟი 499 ეგზემპლარით შეზღუდეს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „ლაფერარის“ ვერ შეიძენს ადამიანი, ვისაც „ფერარისგან“ მანამდე მინიმუმ ხუთი ავტომობილი არ აქვს შეძენილი. ანუ, გადამყიდველი რომ გახდე, სქელი ჯიბეც უნდა გქონდეს და „ფერარის“ ერთგული კლიენტიც იყო. ასეთებისთვის 1,2 ან თუნდაც 3 მილიონი დოლარი ის ფულია, რაც ვთქვათ, უბრალო მოკვდავისთვის ჯიბის ფული…

ცნობისათვის, „ფერარიმ“ თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, სახელად „ლაფერარი“, რომელიც ლეგენდარული „ენცოს“ „შთამომავალია“, ჟენევის 2013 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. და როგორც კი კომპანიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ, ავტომობილს საბურველი ჩამოხსნა, იქვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილზე ყველა შეკვეთა უკვე მიღებულია.

ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც გაუმართლა, „მერიდიენ მოდენას“ კლიენტიც ყოფილა…