Ferrari-მ თავისი ერთ-ერთი გამორჩეული კლიენტისთვის, რომლის ვინაობასაც არ ამხელს, F12 Berlinetta-ს ბაზაზე, მისი სპეც ვერსია მოამზადა, რომელიც მხოლოდ ერთი ცალი დაამზადა. ახალი ავტომობილის სახელია SP 275 RW Competizione და ის დონორი მოდელისგან გარეგნობის გარდა, მახასიათებლებითაც განსხვავდება.

ერთჯერადი ავტომობილი აღჭურვილია 6.3-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავით და გადაცემათა კოლოფით, რომელიც მას შეზღუდული ტირაჟით გამოშვებული F12tdf-ისგან გაიზიარა. ძრავი 780 ცხენის ძალას და 705 ნიუტონმეტრს იძლევა, ანუ საბაზო F12 Berlinetta-ს აგრეგატზე 40 ცხენის ძლით და 15 ნიუტონმეტრით ძლიერია. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული.

ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, ორასს კი ის 7.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე სააათში 340 კილომეტრია. გარდა ამისა, ექსკლუზიურ სუპერ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 15.4 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს 360 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

მარანელოელები არ ამბობენ, თუ რა დაუჯდა შემკვეთს მისთვის სასურველი ავტომობილი, რომელიც 275 GTB-სთვის დამახასიათებელი ელემენტებით არის შემოსილი. ადვილი სავარაუდოა, რომ ის F12tdf-ზე გაცილებით ძვირი ეღირება – ექსკლუზიურობა ძვირად ფასობს. ცნობისათვის, F12tdf–ის ფასი ნახევარი მილიონი დოლარის ფარგლებშია.