Ford-ს და Ferrari-ს ურთიერთობა დიდი ხნის წინათ ვერ აეწყოთ. მაშინ ამერიკულ კომპანიას მარანელოში ფეხის მოკიდება სურდა. ჰენრი ფორდ მეორე თითქმის შეუთანხმდა ენცო ფერარის იმაზე, რომ მისი კომპანიის საკონტროლო პაკეტს შეიძენდა. მაგრამ კომენდატორემ საბოლოოდ უარი უთხრა. ამ გარიგებით, ჰენრის თავისი კომპანიის ავტოსპორტის მწვერვალზე აყვანა სურდა. მაშინ მისი მიზანი ლე მანის დაპყრობა იყო.

მაგრამ უარი რომ მიიღო, თავად გადაწყვიტა სარბოლო ავტომობილის შექმნა და ასე იშვა ლეგენდარული GT40. მისი მეშვეობით, ცისფერმა ოვალმა ლე მანზე ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. მას შემდეგ ფერარის ეკიპაჟს ლე მანის რბოლა აღარ მოუგია და საერთოდაც, ამ რბოლისადმი ინტერესიც დაკარგა.

ძნელი სათქმელია, ეს ისტორია იცის თუ არა ამ ფოტოებზე ასახული ავტომობილის ავტორმა. ამ წითელი ჰოტ როდის ბაზისი 1932 წელს გამოშვებული „ფორდ კუპეა“, რომელიც ჰოტროდინგში ძალიან პოპულარული ავტომობილია. მის კაპოტქვეშ კი… „ფერარის“ ძრავი განლაგდა.

ესაა 3.0-ლიტრიანი V8, რომლითაც 1980-იანი წლების Ferrari Mondial-ი და 308 GTB არის აღჭურვილი. ძრავი ორი ტურბო კომპრესორით აღიჭურვა და მათი დახმარებით, 950 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი მუშაობს. მათ შორის მეკავშირე კი გადაბმულობის სარბოლო ქუროა.

„ფერარის“ ძრავით აღჭურვილი ჰოტ როდის უკანა საკიდარი დამოუკიდებელია და KW-ს ამორტიზატორებით არის აღჭურვილი. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებშიც 15-დუიმიანი სამუხრუჭე დისკოები განლაგდა, რომლებსაც ოთხცილინდრიანი სისტემები ემსახურება. რაც მთავარია, ავტომობილი „ფერარის“ სტილში, წითლად არის შეღებილი.

ჰოლივუდში ბაზირებული კომპანია MP Classics-ი ამ უცნაურ ნაჯვარს 250 000 დოლარად ჰყიდის. ამ თანხით Ferrari 488 GTB-ს ყიდვაა შესაძლებელი.