Ferrari-მ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის თავისი ახალი ავტომობილი, Portofino მოამზადა, რომელიც პირველად ინტერნეტის საშუალებით გაგვაცნო. მარანელოელთა გამაში, ეს ავტომობილი ყველაზე ხელმისაწვდომ California T-ს შეცვლის.

ახალ ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 3.9-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი ამარაგებს, რომლის სიმძლავრე 590 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 755 ნიუტონმეტრი (3 000-5 200 ბრ/წთ დიაპაზონში). ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.

ამ ძრავს Ferrari სხვა მოდელებზეც იყენებს, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარა. კერძოდ, შეიცვალა ცილინდრები და ბარბაცები, ასევე შემშვები და გამოსაბოლქვი სისტემები. გამოსაბოლქვი სისტემა, ტურბო კომპრესორამდე ერთ მთლიან კოლექტორს წარმოადგენს. ეს ინჟინრებმა ეგრეთ წოდებული ტურბო ჩამორჩენის შესამცირებლად გააკეთეს.

ძრავს ასევე ემსახურება ცვალებადი ტურბო ჩაბერვის მართვის სისტემა, რომელიც გადაცემების შეცვლებს შორის მომენტის სტაბილურად შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ამ ყველაფრის წყალობით, ძრავი უფრო მძლავრიცაა და ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და უკეთ რეაგირებს აქსელერატორზე.

Portofino ასევე აღჭურვილია მესამე თაობის ელექტრონულად მართვადი დიფერენციალით და საჭის ახალი გამაძლიერებლით. მოდიფიკაცია ჩაუტარდა California T-ს საკიდარის მაგნეტორეოლოგიურ ამორტიზატორებს, რის შემდეგაც სისტემა უფრო ეფექტურად აქრობს რხევებს. რაც მთავარია, მარანელოელებმა ახალი ავტომობილისთვის, სრულიად ახალი, მთლიანად ალუმინის შასი შეიმუშავეს.

გარეგნულად, Portofino თავის წინამორბედზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. რაც მთავარია, მასში შორიდანვე იოლად იცნობთ Ferrari-ს პროდუქტს. ახალ ავტომობილში 812 Superfast-ის და GTC4 Lusso-ს სტილის ელემენტებსაც ამოიცნობთ. California T-ს და მის წინამორბედ California-ს მსგავსად, ავტომობილს დასაკეცი სახურავი აქვს.

Portofino-ს მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.