პერიოდულად გავრცელდება ხოლმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Ferrari ლე მანის რბოლაში დაბრუნებას აპირებს. ამჯერად ამ ხმებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე ადრე – ლე მანის LMP1 პროტოტიპების ტექნოლოგიები ძალიან დაუახლოვდა ფორმულა ერთისას. და ორივეში მონაწილეობას, ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ფორმულა ერთისთვის პროგრამისთვის, ლე მანის პროტოტიპი ერთგვარი „საბრძოლო“ ლაბორატორიის როლს შეასრულებს, ლე მანის პროგრამა კი, მარანელოელთა მიერ ფ1-ში დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილებით ისარგებლებს. თუმცა, ეს ლაპარაკი ზედმეტია, რადგან კვიცებს ლე მანზე თვალი არ უჭირავთ. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა ასე ამბობენ…

Ferrari Piero T2 LM3

მოკლედ, „ფერარისგან“ ლე მანის პროტოტიპს ავტოსპორტის სამყარო ჯერ არ ელის. სამაგიეროდ, ამ თემაზე თავისი ფანტაზიები, კალიფორნიელმა ავტო დიზაინერმა მარჩელო რაელიმ შემოგვთავაზა. ამ ფოტოებზე არის მისი ნააზრევი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში კვიცების LMP1 მრბოლი.

პროექტის ავტორმა, თავის ავტომობილს Piero T2 LM შეარქვა. მასში შეხამებულია 1950-იანი წლების სარბოლო „კვიცების“ შთაგონებით შექმნილი ფორმები, ეფექტური აეროდინამიკური ელემენტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ერთი შეხედვით, Piero T2 LM ახლანდელ პროტოტიპებს არ ჰგავს, თუმცა მასთან სატრეკო FXX K-ც ძალიან უბრალოდ გამოიყურება.

Ferrari Piero T2 LM6

რაელის „ფერარის“ ახასიათებს პატარა ფარები, მომრგვალებული კაბინა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავის სანთელს ჰგავს, უზარმაზარი სპლიტერი, რომლის ზემოთაც ორი ფრთა-ელერონია განლაგებული, უკანა მოძრავი, გაყოფილი ანტი ფრთები, რომლებიც Ferrari FXX K-ს ასეთსავე ფრთებს მოგაგონებთ, გვერდებში მოთავსებული ჰაერის ზორბა ამღებები და ასევე დიდი ზომის უკანა დიფუზორი.

რა თქმა უნდა, ასეთი თამამი და ხშირ შემთხვევაში, არაპრაგმტული ფორმებით, ავტომობილის წარმოება არარეალურია. მაგრამ რაელის პროექტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ დიზაინერთა ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს…